
ბაკურიანში, ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც “სფეისნიუსს” მერის წარმომადგენელმა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქეთევან ლონდარიძემ განუცხადა, უბედური შემთხვევა სრიალის დროს მოხდა. დაღუპულია საქართველოს მოქალაქე, 35 წლის მამაკაცი.
ლონდარიძე დაშავებულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევის შესახებ დაწყებულია გამოძიება.
ერთ-ერთი ვერსიით, 35 წლის მამაკაცი სრიალის დროს ბოძს შეეჯახა და დაიღუპა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის უკვე გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დამატებითი დეტალები უცნობია.
ცნობისთვის, ასევე გავრცელდა ინფორმაცია მოზარდის დაშავების შესახებ. მას დაზიანება ქვედა კიდურების არეში აღენიშნება და გადაყვანილია კლინიკაში.
0
0