18/02/2023
19:04
სპორტი
ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიაში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ფედერაციების წარმომადგენლებმა, ასევე სპონსორებმა მიიღეს მონაწილეობა. შესრულდა ქართული ხალხური მუსიკალური ნომრები. გახსნის ცერემონია კონცერტით გრძელდება.
„ბაკურიანი 2023“-ში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. ფრისკის, ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სპორტსმენებმა ბოლო მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს.
სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას სულ 6 ქართველი სპორტსმენი იღებს, მათი ნაწილი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონებისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას 19 თებერვალს ეცდება.
მსოფლიო პირველობის პარალელურად, ბაკურიანში ჩასული მოთხილამურეებისა და სტუმრებისთვის გასართობი ღონისძიებებიცაა დაგეგმილი.
დაბაში ამისთვის სპეციალური სოფელიც მოეწყო, სადაც კონცერტების გარდა ზამთრის სახეობაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასული მოქალაქეებისთვის სპეციალური სივრცეებია მოწყობილი.
ღონისძიების უსაფრთხოებაზე ქართველი სამართალდამცველები მუშაობენ. კრიმინალური პოლიცია დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში ახორციელებს დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს. ჩემპიონატი 5 მარტს დასრულდება.
0
0