
„აშშ-ის კონგრესის 113 დეპუტატისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ ისრაელზე სასტიკი თავდასხმის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერისთვის ირანს პასუხისმგებლობა დააკისროს“, - წერს CNN-ი.
წერილს ხელს აწერს 63 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელი. დეპუტატები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, რომ „ირანის მიერ დაფინანსების შესაწყვეტად ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგას“.
„აღნიშნული მოთხოვნა მოიცავს აშშ-ის ყველა სანქციის მაქსიმალურად განხორციელებას და ყველა ნაბიჯის გადადგმას ჩინეთთან ირანის ნავთობით ვაჭრობის დასასრულებლად, საიდანაც ის [ირანი] დღე-ღამეში 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შემოსავალს იღებს“, - ნათქვამია წერილში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით, ბალისტიკური რაკეტებით ვაჭრობის გამო ირანისთვის დაწესებული სანქციების ვადა 18 ოქტომბერს ამოიწურება.
"მოვუწოდებთ თქვენს ადმინისტრაციას, ითანამშრომლოს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან, რათა გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ დაუყონებლივ აამოქმედოს სანქციები.
აშშ-მა ასევე უნდა მოახდინოს მნიშვნელოვანი ზეწოლა კატარსა და თურქეთზე, რათა აღნიშნულმა ქვეყნებმა შეწყვიტონ „ჰამასის“ მხარდაჭერა და [თავიანთი ტერიტორიიდან] გააძევონ ამ ტერორისტული დაჯგუფების ხელმძღვანელობა, რომელსაც ისინი მასპინძლობენ“, - ნათქვამია წერილში.
წერილში არ არის მითითებული ირანის მხრიდან გამოყოფილი თანხა -6 მილიარდი აშშ დოლარი - რომელიც, ირანში დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებაზე შეთანხმების ფარგლებში, გასულ თვეში კატარის ანგარიშებზე გადაირიცხა.
0
0