
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, კანაფს ნაკლებად სახიფათო ნივთიერების კლასიფიკაცია [III კატეგორია] ოფიციალურად მიანიჭა. ფედერალური მთავრობა კანაფს აღარ განიხილავს ისეთ სხვა სახიფათო და მიჩვევად ნივთიერებებთან ერთად, როგორებიცაა ექსტაზი, ჰეროინი და ჰალუცინაციების გამომწვევი ნარკოტიკი.
საკანონდებლო ცვლილებამ ძალაში შესვლამდე 60-დღიანი საჯარო კომენტირების პერიოდი უნდა გაიაროს. გეგმის მიხედვით, მარიხუანას უშუალოდ რეკრეაციული გამოყენება არ დაკანონდება ისე, როგორც ეს ამჟამად აშშ-ის 24 შტატსა და კოლუმბიის ოლქში მოქმედებს. აშშ-ის 38-მა შტატმა ასევე მარიხუანას სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენების ლეგალიზება მოახდინა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც "დიდი ხნის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი".
როგორც BBC-ი წერს, საარჩევნო წელს, ეს კანონპროექტი შეიძლება დემოკრატ ბაიდენს ახალგაზრდა ამომრჩეველთა შორის მისადმი მერყევი მხარდაჭერის გაძლიერებაში დაეხმაროს, განსაკუთრებით, ღაზაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გამოხატულ აღშფოთების ფონზე.
„მარიხუანას გამოყენებისადმი ჩვენი უშედეგო მიდგომის გამო ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. მზად ვარ, გამოვასწორო ეს ისტორიული შეცდომები. შეგიძლიათ, მენდოთ. არავინ არ უნდა იჯდეს ციხეში მხოლოდ მარიხუანას მოხმარების ან ფლობის გამო. ამჟამად, მარიხუანას მინიჭებული აქვს უფრო მაღალი დონის კლასიფიკაცია, ვიდრე ფენტანილსა და მეტამფეტამინს - ამერიკაში ეს ორი ნარკოტიკი დოზის გადაჭარბების ეპიდემიას იწვევს“, - განაცხადა ბაიდენმა X-ზე.
0
0