
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოჯახის ძაღლი, სახელად კომანდერი, თეთრი სახლის საიდუმლო სამსახურის აგენტების მე-11-ჯერ დაკბენის შემდეგ თეთრი სახლიდან გადაიყვანეს.
„ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, რა ბედი ეწევა ორი წლის გერმანულ ნაგაზს,“ - განაცხადა პირველი ლედის ჯილ ბაიდენის პრესმდივანმა.
გასულ კვირას, ბაიდენის გერმანულმა ნაგაზმა თეთრი სახლის საიდუმლო სამსახურის აგენტს უკბინა, რომელსაც დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
„აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის თეთრ სახლში მომუშავე პირების უსაფრთხოებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანი საკითხია. ისინი მადლიერნი არიან აშშ-ის საიდუმლო სამსახურისა და ყველა დაზარალებული მხარის მიერ გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის. კომანდერი ამჟამად არ იმყოფება თეთრი სახლის კამპუსში. შემდგომი ნაბიჯების განხილვა უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა თეთრის სახლის წარმომადგენელმა ელიზაბეტ ალექსანდრემ.
პრესმდივანმა არ დააკონკრეტა, სად იმყოფება ძაღლი ამჟამად ან დაბრუნდება თუ არა ის საბოლოოდ თეთრ სახლში.
მანამდე კი, თეთრი სახლის პრესმდივანი ძაღლის თავდასხმებს რეზიდენციაში ცხოვრებით გამოწვეულ სტრესს უკავშირებდა. "როგორც ყველამ იცით, თეთრი სახლის კომპლექსში ცხოვრება შეიძლება იყოს უნიკალურიც და ძალიან სტრესულიც. წარმოიდგინეთ, როგორი გარემო იქნება ეს შინაური ცხოველისთვის", - განაცხადა ივლისში კარინე ჟან-პიერმა. იმავე თვეში, თეთრი სახლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადამიანების დაკბენის ინციდენტების შემდეგ, ისინი კომენადერის გაწვრთნას ახალი ტექნიკით ცდილობდნენ.
ბაიდენის ოჯახის ორი გერმანული ნაგაზიდან კომანდერი ერთ-ერთია. მაშველმა ძაღლმა, სახელად მაიორმა, ასევე მრავალჯერ დაკბინა საიდუმლო სამსახურის აგენტები. 2021 წლის შემდეგ ის, თეთრი სახლიდან მოშორებით, ბაიდენის ოჯახის მეგობრებთან ერთად ცხოვრობს.
0
0