აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გერმანულმა ნაგაზმა თეთრ სახლში მომუშავე საიდუმლო სამსახურის კიდევ ერთ აგენტს უკბინა. ინფორმაციას საიდუმლო სამსახური ადასტურებს.
„25 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, საიდუმლო სამსახურის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელს პრეზიდენტის ოჯახის კუთვნილმა გერმანულმა ნაგაზმა იმ დროს უკბინა, როცა ის შინაურ ცხოველს მიუახლოვდა. ოფიცერს საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალი მკურნალობს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ენტონი გუგლიელმიმ.
2 წლის გერმანული ნაგაზის მიერ ადამიანების დაკბენის ეს უკვე მე-11 ინციდენტია, რომელიც თეთრ სახლსა და დელავერში, ბაიდენის ოჯახის სახლში მოხდა.
კონსერვატიულმა იურიდიულმა აქტივისტთა ჯგუფმა, Judicial Watch-მა, ივლისში ელექტრონული წერილი მოიპოვა, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ადამიანებზე ბაიდენის გერმანული ნაგაზის თავდასხმები - 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე დაფიქსირებულია 10 კბენის ინციდენტი.
2022 წლის ნოემბერში, თეთრი სახლის თანამშრომელს ძაღლმა მარჯვენა მხარისა და ბარძაყის არეში უკბინა. ძაღლების მოყვარულ ოჯახს გერმანული ნაგაზი ბაიდენის ძმამ ჯეიმს ბაიდენმა და რძალმა სარა ბაიდენმა 2021 წლის დეკემბერში აჩუქა.
თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენები საიდუმლო სამსახურთან და რეზიდენციის ადმინისტრაციასთან პროტოკოლით გათვალისწინებულ დამატებით ღონისძიებებსა და ძაღლის წვრთნასთან, ასევე ძაღლის სარბენად და საწვრთნელად განკუთვნილი ადგილების დაწესებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობენ.
გერმანული ნაგაზი ბაიდენის მეორე ძაღლია, რომელსაც მსგავსი ინციდენტი უკავშირდება. 2021 წელს, რამდენიმე ცნობილი აგრესიული ეპიზოდის შემდეგ, კიდევ ერთი გერმანული ნაგაზი, მეიჯორი, თეთრი სახლიდან დელავერში გადაიყვანეს, სადაც ის ბაიდენის ოჯახის მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა.
0
0