22/12/2022
03:09
მსოფლიო
თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციის დასაწყისში, ბაიდენმა ზელენსკის მიმართა: "ბატონო პრეზიდენტო, ამერიკელი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, პირდაპირ თქვენგან მოისმინონ უკრაინის ბრძოლისა და კვლავაც ერთად დგომის საჭიროების შესახებ".
ბაიდენმა ისაუბრა იმ დახმარებაზე, რომელიც აშშ-მა და მოკავშირეებმა უკრაინას რუსეთთან ბრძოლაში აღმოუჩინეს. ასევე იმ დახმარების ახალ პაკეტზე, რომელიც 1.85 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.
"რა ფასადაც არ უნდა დაჯდეს, ამერიკელი ხალხი მხარს დაუჭერს უკრაინას. უკრაინა წინ აღუდგა რუსეთის იმპერიალისტურ მადას. უკრაინამ მოიგო ბრძოლა კიევისთვის, მოიგო ბრძოლა ხერსონისთვის, მოიგო ბრძოლა ხარკოვისთვის - უკრაინამ რუსეთის მოლოდინს გადააჭარბა. მოკავშირეებმა უკრაინას 2000 ტანკი და ჯავშანტექნიკა, 800 საარტილერიო სისტემა და 2 მილიონი ჭურვი მიაწოდეს. რუსეთი არ აპირებს ამ სასტიკი ომის გაჩერებას. სინათლე გაიმარჯვებს სიბნელეზე" - განაცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისვე თქმით, Patriot-ის ტიპის სისტემა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება, თუმცა მისი გამოყენებისთვის უკრაინელების წვრთნას, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს.
“ჩვენ შეერთებულ შტატებთან მოკავშირეობის რეალურ დონემდე მივედით”, - ამის შესახებ კი ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ამბები, რომლითაც სახლში ვბრუნდებით. მთავარია "პატრიოტის" კომპლექსები. ასევე გადაწყვეტილება ქვეყნის მხარდასაჭერად 45 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ. ჩემი დღევანდელი მოლაპარაკების მთავარი საკითხებია - უკრაინის გაძლიერება, მომავალი წელი და ჩვენი მოძრაობა ომში გამარჯვებისკენ, დამოუკიდებლობისთვის. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გააკეთა ჩვენს წინააღმდეგ, ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. ჩვენ შევთავაზეთ აშშ-ს ნაბიჯები, რომლებიც საბოლოოდ მშვიდობამდე მიგვიყვანს", განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე უპასუხა კითხვასაც, თუ რას ნიშნავს მისთვის “სამართლიანი მშვიდობა ომის შემდეგ":
„ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, სამართლიანი მშვიდობა ნიშნავს - ტერიტორიებისთვის კომპრომისების არარსებობას და რუსული აგრესიით გამოწვეული ყველა დანაკარგის კომპენსაციას".
თავის მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც დასძინა, რომ ამერიკასა და უკრაინას მშვიდობის მიმართ საერთო ხედვა აქვთ.
“ჩვენ გვაქვს მშვიდობის მიმართ საერთო ხედვა - თავისუფალი, დამოუკიდებელი, აყვავებული უკრაინა. უკრაინას ბრძოლის ველზე, ჩვენი დახმარებით, მოკავშირეების დახმარებით, შეუძლია წარმატების მიღწევა”, განაცხადა ბაიდენმა.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონს დღეს ეწვია. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც თებერვალში მის ქვეყანაში რუსეთი შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო.
0
0