
ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტში ბიუჯეტის საკითხებში ყოფილმა ანალიტიკოსმა, ლევიტა ალმუეტე ფერერმა აღიარა 650 000 დოლარზე მეტი თანხის მითვისება.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ფერერმა, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის საბანკო ანგარიშზე ხელმოწერის უფლება ჰქონდა, უკანონოდ გამოწერა 60 ჩეკი საკუთარ სახელზე და სამი ჩეკი იმ პირზე, ვისთანაც პირადი ურთიერთობა აკავშირებდა.
ვაშინგტონის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფერერი სახელმწიფო სახსრებს აქტიურად ითვისებდა 2022 წლის მარტიდან 2024 წლის აპრილამდე.
"მან დაბეჭდა და ხელი მოაწერა თითოეულ ჩეკს, შემდეგ კი ყველა 63 ჩეკი, საერთო ჯამში 657 347,50 დოლარის ოდენობით, საკუთარ პირად მიმდინარე და შემნახველ ანგარიშებზე შეიტანა", - ნათქვამია აშშ-ის პროკურატურის პრესრელიზში.
პროკურორების მტკიცებით, ფერერი ცდილობდა დაემალა თავისი დანაშაული ჩეკის მიმღების სახელის შეცვლით.
საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, იგი ფედერალურ მთავრობას 657 347,50 აშშ დოლარს გადაუხდის ზიანის ანაზღაურების სახით და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
0
0