აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა, უკრაინას მისცეს უფლება, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ბრიტანული და ფრანგული Storm Shadow/SCALP რაკეტები გამოიყენოს, მაგრამ არა ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები. ამის შესახებ The Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„აშშ უკრაინას არ მისცემს უფლებას, ATACMS-ის ყველაზე შორს მოქმედი ვერსია - ბალისტიკური რაკეტა - საზღვრის მიღმა მდებარე სამიზნეების მისამართით გაისროლოს, იმ იმედით, რომ კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას თავიდან აიცილებს“, - წერს გამოცემა.
The Times-ის ცნობით, ბაიდენი, სავარაუდოდ, დასავლური იარაღის გამოყენების საკითხს სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად განიხილავს, რათა პოლიტიკის ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები შეაფასოს.
„დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მხარს უჭერენ უკრაინის მიერ შორს მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამ დრომდე აშშ ამ გადაწყვეტილებას ესკალაციის შიშით ბლოკავს. ირანის მიერ რუსეთისთვის 200-ზე მეტი Fath-360 რაკეტის მიწოდებამ გარკვეული როლი შეასრულა ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსნის დარწმუნებაში, რომ პოლიტიკა სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს“, - ნათქვამია სტატიაში.
ამავდროულად, როგორც სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის სახმელეთო საბრძოლო მოქმედებების უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა აღნიშნა, მას არ გაუკვირდება, თუ ბაიდენი „შუალედურ“ პოზიციას დაიკავებს, ხოლო „საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის რისკზე წავლენ“.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთის უშუალო მონაწილეობა უკრაინის კონფლიქტში მნიშვნელოვნად ცვლის კონფლიქტის არსს. ეს ნიშნავს, რომ ნატო, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები რუსეთთან ომში არიან.
0
0