15/06/2023
18:14
მსოფლიო
ნატოში უკრაინის გაწევრიანება ერთ-ერთია იმ რამდენიმე საკითხს შორის, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის წევრები, ნატოს ლიდერებთან ერთად, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში განიხილავენ. ნატოს სამიტი ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება.
CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაციის წევრები ნატოს ამჟამინდელი პოზიციისადმი ერთგულნი რჩებიან - ისინი მხარს უჭერენ ალიანსში უკრაინის სრულუფლებიან წევრობას [თუმცა თარიღის ყოველგვარი დაზუსტების გარეშე].
როგორც ცნობილია, ნატოს გასულ სამიტებზე მოკავშირეებმა ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, რომელშიც ასახულია მათი საერთო შეხედულებები. მოახლოებული მომდევნო სამიტის წინ კი გადაუდებელი დისკუსიების გამართვა აუცილებელი გახდა. დისკუსიების შედეგად, შესაძლოა დადგინდეს, დაესწრება თუ არა სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„თუ არ აღიარებენ, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება აუცილებელია და ვილნიუსში არ მოგვცემენ გარკვეულ „სიგნალს“, მაშინ ამ სამიტზე ჩემს დასწრებას აზრი არ აქვს“, - განუცხადა ზელენსკიმ Wall Street Journal-ს ივნისის დასაწყისში.
15 ივნისს, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო. სამიტის მთავარი საკითხებია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის დახმარების გაგრძელება და ნატოს სამიტისთვის მზადება, რომელიც ვილნიუსში 11-12 ივლისს უნდა გაიმართოს.
0
0