
ამის შესახებ ნათქვამია მის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„დღეს კიევში ვხვდები პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესახებ ფართო დისკუსიისთვის. მე გამოვაცხადებ კრიტიკული აღჭურვილობის კიდევ ერთი მიწოდების შესახებ, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალის, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და საჰაერო სათვალთვალო რადარების, რათა დავეხმაროთ უკრაინელი ხალხის დაცვას საჰაერო დაბომბვისგან“ - თქვა ბაიდენმა.
მანვე დასძინა, რომ ამ კვირის ბოლოს აშშ გამოაცხადებს დამატებით სანქციებს რუსული ელიტისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსულ სამხედრო მანქანას სანქციების თავიდან აცილებაში.
„გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა შექმნა ქვეყნების კოალიცია ატლანტიკურიდან წყნარ ოკეანამდე, რათა დაეხმაროს უკრაინის დაცვას უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით - და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება“ - თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.
ბაიდენმა დასძინა, რომ ხვალ პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება.
„მე ასევე მოუთმენლად ველი პოლონეთში გამგზავრებას, რათა შევხვდე პრეზიდენტ დუდას და ჩვენი მოკავშირეების ლიდერებს აღმოსავლეთ ფლანგიდან და გამოვხატო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელებს შეერთებული შტატები მსოფლიოს გაერთიანებას მხარდასაჭერად უკრაინის ხალხისა და გაეროს წესდებაში ჩაწერილი ადამიანის უფლებებისა და ღირსების ძირითადი ღირებულებებისთვის, რომლებიც გვაერთიანებს მთელ მსოფლიოში“ - განაცხადა მან.
0
0