04/09/2023
13:18
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ის "იმედგაცრუებულია", რადგან მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი ინდოეთში „დიდი ოცეულის“ (G20) მოახლოებულ სამიტს არ დაესწრება.
როგორც Reuters-ი იუწყება, დელიში დაგეგმილ სამიტზე პეკინის წარმომადგენელი, სავარაუდოდ, ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანგი იქნება.
”მე იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მაინც ვაპირებ მის [სი ძინპინის] ნახვას”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შეიძლება შედგეს ეს შეხვედრა.
ორი ლიდერი ერთმანეთს უკანასკნელად გასულ წელს შეხვდა ინდონეზიაში გამართულ სამიტზე.
მანამდე კი სი ძინპინმა განაცხადა, რომ ის ინდოეთის დედაქალაქში სამიტზე დასასწრებად გაემგზავრებოდა, მაგრამ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია. ჩინურ წყაროებზე დაყრდნობით, სი ძინპინი წლევანდელ სამიტზე დასწრებას არ აპირებს.
როგორც BBC-ი წერს, ძინპინსა და ბაიდენს შესაძლოა ჯერ კიდევ ჰქონდეთ საუბრის შესაძლებლობა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერების შეხვედრაზე, რომელიც ნოემბერში, სან-ფრანცისკოში, გაიმართება. როგორც ცნობილია, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა. ორ ქვეყანას უთანხმოება აქვს მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორისაა ადამიანის უფლებები სინციანსა და ჰონგ კონგში, ტერიტორიული პრეტენზიები ტაივანსა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე და პეკინის მზარდი დომინირება მთელ რიგ სექტორებზე. იმავდროულად, სი ძინპინი აგრძელებს პეკინის, როგორც განვითარებადი სამყაროს ლიდერის, წარმოჩენას.
გასულ თვეში, სამხრეთ აფრიკაში ვიზიტისას, BRICS-ის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრაზე, სი ძინპინმა დასავლეთის "ჰეგემონია" გააკრიტიკა და განვითარებად ქვეყნებს „კოლონიალიზმის უღლის მოშორებისკენ" მოუწოდა.
ურთიერთობები გამწვავდა ასევე ჩინეთსა და ინდოეთს შორის. სხვა საკითხების გარდა, ორი ქვეყანა ერთმანეთს ჰიმალაის რეგიონში სადავო საზღვრის გამო უპირისპირდება. გასულ კვირას ინდოეთმა პეკინის მიერ რუკი გამოქვეყნება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, არუნაჩალ პრადეშის შტატი და აკსაი ჩინის პლატო ჩინეთის ტერიტორიაა.
0
0