
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, მიგრაციის მზარდი დონის შეჩერების მიზნით, ტეხასის სამხრეთით, სასაზღვრო მონაკვეთზე ახალ კედელს ააშენებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, 32 კმ-იანი კედელი სტარის ოლქში, მექსიკასთან საზღვარზე აშენდება, სადაც დიდი რაოდენობის გადაკვეთის წერტილია.
სასაზღვრო კედლის აშენება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მმართველობის პოლიტიკის ნაწილი იყო, რომელსაც დემოკრატები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ. 2020 წელს ბაიდენმა პირობა დადო, რომ არჩევის შემთხვევაში კედელს აღარ ააშენებდა. თუმცა მიგრანტების მიერ აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთის მზარდი რაოდენობის ფონზე, ჯო ბაიდენმა ეს საკითხი მწვავედ მიიჩნია.
აშშ-ის მთავრობის მონაცემებით, 2023 წელს, აშშ-მექსიკის საზღვარი 245 000-ზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა, ხოლო სექტემბერი, სავარაუდოდ, რეკორდული თვეა.
”ამჟამად, ეს საკითხი მწვავეა და აშშ-მექსიკის საზღვართან ფიზიკური ბარიერები დაუყოვნებლივ უნდა აშენდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული საზღვრის უკანონო კვეთა”, - თქვა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა ალეხანდრო მაიორკასმა.
კედლის მშენებლობის დაფინანსების სანაცვლოდ ათობით ფედერალური კანონი (მათ შორის „სუფთა ჰაერის აქტი“ და „უსაფრთხო სასმელი წყლის აქტი“) გაუქმდა.
ამ ნაბიჯმა გარემოსდამცველები აღაშფოთა, რომელთა განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება გადაშენების პირას მყოფი მცენარეებისა და ცხოველების ჰაბიტატების განადგურებას გამოიწვევს.
„სამარცხვინოა პრეზიდენტი ბაიდენის ამ დონის გადაწყვეტილება, რომლითაც ის მოგვიწოდებს, უგულებელვყოთ ჩვენი ქვეყნის ძირითადი გარემოსდაცვითი კანონები იმისთვის, რომ ველური ბუნების მკვლელი არაეფექტური სასაზღვრო კედლები აშენდეს“, - თქვა გარემოსდამცველმა ლაიკენ ჟორდალმა.
აშშ-ის საბაჟო და კონტროლის ბიუროს ინიციატივის თანახმად, აშშ-მექსიკის საზღვარზე განთავსდება ბეტონის საძირკველში ჩადგმული დიდი ბოძები, ასევე კარიბჭეები, სადაც დამონტაჟდება კამერები და ვიდეოთვალთვალის სისტემა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანის განცხადებით, ახალი ბარიერების ასაშენებლად გამოყენებული იქნება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება.
0
0