27/12/2023
10:58
მსოფლიო
ბაღის მასწავლებელმა 5 წლის მოსწავლეს თირკმელი გადაუნერგა. ექიმების განცხადებით, დროული ტრანსპლანტაციის გარეშე ლაილას სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. მასწავლებელი, ბეთ ბატისტა ამბობს, რომ 5 წლის ლაილას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოსწავლის დედის ფეისბუქ-პოსტიდან შეიტყო. პოსტში ის წერდა, რომ ლაილას სასწრაფოს ესაჭიროებოდა თირკმლის დონორი. ერთი წლით ადრე ამერიკელმა ექიმებმა მას უიშვიათესი ავტოიმუნური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს - მიკროსკოპული პოლიანგიიტი.
ცნობისთვის, დაავადება გულისხმობს მცირე ზომის სისხლძარღვების ანთებას მთელს ორგანიზმში. პაციენტების უმეტესობას ცხელება და წონის კლება აღენიშნება. ხშირია კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ზიანდება მრავალი ორგანო, მათ შორის, თირკმელები, რომლის დაზიანება დაავადებულთა 90%-ს აღენიშნება. ლაილას შემთხვევაშიც მიკროსკოპულმა პოლიანგიიტმა ყველაზე მეტად სწორედ თირკმელებზე იმოქმედა.
ფეისბუქ პოსტის ნახვისთანავე მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ ლაილას უსასყიდლო დონორი გამხდარიყო. მალევე მან ჯანმრთელობის ყველანაირი შემოწმება გაიარა და, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ტრანსპლანტაციისათვის ყველა პარამეტრი შესაბამისობაში იყო.
'მე შეიძლება ახლა უბრალოდ მისი მასწავლებელი ვარ, მაგრამ სულ მალე ჩემი პატარა ნაწილი მუდამ ლაილასთან იქნება. მე ვარ ლაიალას თირკმლის დონორი", - ესაა ჩანაწერი, რომელიც ბეთ ბატისტამ ოპერაციამზე დატოვა.
0
0