
“ქართული ოცნება” აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას , - ამის შესახებ პარტია „ლელო – ძლიერი საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საბოტაჟის მუხლით ბრალს წარუდგენენ.
როგორც ჯაფარიძემ ბრალის წარდგენაზე მედიასთან განაცხადა, ხელისუფლება თავად ეწევა საბოტაჟს, ამ ბრალდებით პარტიებს სდებს ბრალს.
“რამდენიმე დღის წინ ჩვენ აღვნიშნეთ 1990 წელს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემდგომ 35 წელი. ამ 35 წლის განმავლობაში ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო , წინააღმდეგობა გაგვეწია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საბოტაჟის მიმართ, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1992 წელს. მე მაშინ ვიყავი პარლამენტის შენობაში. შემდგომშიც ჩემი პირადი გზა ყოველთვის იყო მიმართული იმისკენ, რომ სახელმწიფო დაცული ყოფილიყო საბოტაჟისგან და ახლა ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროპული მომავლის მიმართ - ეს ხელისუფლება ბრალს გვიყენებს საბოტაჟის ბრალდებით. რა თქმა უნდა, ეს არია პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება და ამოცანაა გაანადგუროს პოლიტიკოსები, პოლიტიკა, მაგრამ ვფიქრობ, ამით “ქართული ოცნება” აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას. ის აბსურდი, რაც მე მოვისმინე , რომ ბრალი გვედება სახელმწიფოს მიმართ საბოტაჟში, ეს არის რეალობის შებრუნება, რადგან რეალობა არის ის, რომ “ქართული ოცნება” ეწევა საბოტაჟს. სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი ამოცანაა, საბოტაჟს დავუპირისპირდეთ კონსტიტუციური , მშვიდობიანი , პოლიტიკური მეთოდებით. ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები და ეს არჩევნები აუცილებლად მოიტანს ქვეყანაში მშვიდობას, საზოგადოების გამთლიანებას. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ საზოგადოება დამშვიდდეს და დაპირისპირება კი არ გაიზარდოს, არამედ აღმოიფხვრას”,- განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, ლელო-ძლიერი საქართველოს” კიდევ ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, ის პროკურატურაში არ მისულა, რადგან თბილისში არ იმყოფება.
0
1