
ორი აზრი არ არსებობს, აფხაზეთში დაპირისპირება გაგრძელდება, იმიტომ, რომ კლანები მართავენ „ქვეყანას“, - ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, გია გვაზავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ის აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბადრა გუნბა „პრეზიდენტის“ პოსტზე, პრაქტიკულად, რუსებმა დანიშნეს.
„რა თქმა უნდა, დაპირისპირება გაგრძელდება. ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, აფხაზეთში არის „კლანობრივი“ მმართველობა. კლანები მართავენ „ქვეყანას“. არის კიდევ ორი მიმართულება - თურქული და რუსული. არძინბა თურქეთის მიმართულებთ არის უფრო შემჩნეული, ვიდრე რუსეთის, ამიტომაც პრაქტიკულად, ჩაეხსნა რუსული მხარდაჭერისგან. რაც შეეხება გუნბას - პრაქტიკულად, რუსების დანიშნულია. რა თქმა უნდა, რუსეთი გააგრძელებს ამას,“ - განაცხადა გვაზავამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა, რომელშიც, ე.წ. „ცესკოს“ მონაცემებით, ბადრა გუნბამ “გაიმარჯვა“. კერძოდ, ე.წ. „ცესკოს“ ინფორმაციით, კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ ხმების 41.54% მიიღო, ბადრა გუნბამ კი 54.73%.
0
0