16/07/2024
17:17
ბადაგონი
მეღვინეობა „ბადაგონი“ აშშ-ის შემდეგ, კანადისა და თურქეთის ბაზრებზე შედის.
როგორც რადიო „სივრცეს“ კომპანიის დირექტორმა მარი გიორგაძემ განუცხადა, „ბადაგონი“, რომელიც ექსპორტს 35-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, ამიერიდან, კანადისა და თურქეთის ბაზრებზეც იქნება წარმოდგენილი.
„შევედით ახალ ბაზრებზე - თურქეთსა და კანადაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ბაზრებია. ამასთან, იმ ქვეყნებში, სადაც „ბადაგონის“ ღვინოები აქამდეც იყიდებოდა, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. 100%-იანი ზრდა გვაქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ევროპის ნაწილში, განსაკუთრებით, გამოვყოფდით პოლონეთს +20%, გერმანია +30%, და დიდი ბრიტანეთი +36%. რაც შეეხება აშშ-ს, სადაც 5 წელზე მეტია რაც „ბადაგონის“ ღვინოები იყიდება, ყოველწლიურად პოზიტიური ზრდის დინამიკა გვაქვს." - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
მისივე თქმით, „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტი იზრდება აზიის ქვეყნებშიც.
„აზიის ქვეყნებშიც აქტიურად ვაგრძელებთ ზრდას და განვითარებას. აქ, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ჩინეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი.“- ამბობს რადიო „სივრცესთან“ მარი გიორგაძე.
აღსანიშნავია, რომ „ბადაგონი“ კვლავ პირველი ექსპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი და რომელსაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე.
„ბადაგონის“ ღვინოები პლატინის და ოქროს მედლების მფლობელია. მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - Decanter 2024, “ბადაგონის” ღვინომ "საფერავი რეზერვი 2010" უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი მოიპოვა.
ცნობისთვის, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნადაა გაზარდილი, რომლის მონაცემსაც ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი - 19% (3,1 მლნ ლიტრი), აშშ - 53% (654 ათასი ლიტრი), გერმანია - 34% (674 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი - 28% (182,5 ათასი ლიტრი), კანადა - 110% (121,3 ათასი ლიტრი), თურქეთი - 47% (239,2 ათასი ლიტრი), და ა.შ.
მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,4 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 55% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 132,8 მლნ-მდე აშშ დოლარი ( ზრდა 59%)", - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
0
0