19/04/2023
16:21
ბადაგონი
კომპანია “ბადაგონის” ღვინოები - “საფერავი რეზერვი 2010” და “კახური წარჩინებული წითელი მშრალი", ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ.
ქართული ღვინოები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე- Frankfurt International Trophy, რომელიც გერმანიაში, ფრანკფურტში ჩატარდა.
როგორც კომპანია “ბადაგონში” აცხადებენ, ოქროს მედალოსანი “საფერავი რეზერვი”, დამზადებულია ლიმიტირებულად, ალავერდის მონასტრის მიმდებარედ გაშენებული “ბადაგონის” ვენახების 2010 წლის საუკეთესო მოსავლისგან. ბოთლში დავარგების პერიოდი 12 თვეა.
მეორე ოქროს მედალოსანი ღვინო- “კახური წარჩინებული”, 2013 წლის საფერავის მოსავლისგანაა დამზადებული. აღსანიშნავია, რომ “ბადაგონის” საფერავს - “კახურ წარჩინებულს” არა ერთი აღიარება აქვს მოპოვებული.
“საფერავს ძლიერი იდენტობა გააჩნია, ისეთი, როგორც არცერთ სხვა ღვინოს მსოფლიოში. საფერავისგან დამზადებული ღვინო გამორჩეულად ხავერდოვანია, აქვს ინტენსიური ლალის ფერი, წითელი ხილისა და სანელებლების მომხიბვლელი სურნელი, გემოს ხანგრძლივი და დაბალანსებული დაბოლოება. ამ სრულყოფილი ბუნების გამოხატულების დაგემოვნებისას, შეუძლებელია იმის განცდა არ გაგიჩნდეთ რომ ძალიან გაგიმართლათ. ასეთი მნიშვნელოვანი ღვინო მხოლოდ განსაკუთრებულად მოვლილი მევანხეობისა და თანმიმდევრული, გონიერი მეღვინოების შედეგი შეიძლება იყოს.” - ამბობს "ბადაგონის" მთავარი ენოლოგი, დოქტორი დონატო ლანატი.
Frankfurt International Trophy უკვე მე-7 წელია ტარდება და კონკურსში, მსოფლიოდან, 17 000-ზე მეტი ღვინო მონაწილეობს.
0
0