„პლატფორმა III რესპუბლიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსლან იზეთლი და დამოუკიდებელი გამოცემა ToplumTV-ის დამფუძნებელი ალესკერ მამადლი ბაქოში დააკავეს.
"ბევრი დაკავებულია, გვჭირდება ადვოკატები", - წერს ToplumTV-ის მთავარი რედაქტორი ხადიჯა ისმაილი სოციალურ ქსელში.
მანამდე, აზერბაიჯანში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ადამიანთა წინასწარი შეთქმულების გზით კონტრაბანდის“ ბრალდებით, ტელეკომპანია Toplum-ის სამი თანამშრომლის - კორესპონდენტის ფარიდ ისმაილოვის, ვიდეო რედაქტორის მუშვიგ ჯაბარის, სოციალური მედიის მენეჯერის ელმირ აბასოვის წინააღმდეგ.
ჯაბარი და აბასოვი რედაქციაში ჩხრეკის შემდეგ დააკავეს, ისმაილოვი კი საკუთარ სახლში, სადაც უსაფრთხოების ძალებმაც ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჟურნალისტს 3100 ევრო ამოიღეს.
„ახლა ჩვენი ოფისის კარები დალუქულია საგამოძიებო ორგანოს მიერ. გამოძიების ნების მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ Toplum TV-ს საქმიანობას. ამჟამად ვმუშაობთ გარდამავალ გეგმაზე და ვაპირებთ უზრუნველვყოთ სამუშაოების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივიღებთ სამართლებრივ ზომებს აღჭურვილობის დასაბრუნებლად და ოფისის გასახსნელად“, - თქვა ხადიჯა ისმაილმა Turan-თან კომენტარში.
მან ასევე განაცხადა, რომ Toplum TV-ს აღჭურვილობის ჩხრეკისა და ამოღების შემდეგ, გამოცემის Youtube არხის სახელი შეიცვალა და ვიდეო არქივი, რომელიც 3600-ზე მეტ ვიდეოს შეიცავდა, წაიშალა.
6 მარტს უსაფრთხოების ძალებმა ჩაატარეს ჩხრეკა და შემდეგ ტელეკომპანია Toplum TV-ის რედაქცია დალუქეს. ჩხრეკის შემდეგ გამოცემის 14 თანამშრომელი დააკავეს და ბაქოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. შუაღამის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა 11 ჟურნალისტი გაათავისუფლეს, იუწყება Current Time.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო Toplum TV-ის თანამშრომლების დევნა და მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაათავისუფლონ ყველა ის ადამიანი, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში.
დამოუკიდებელი გამოცემა Toplum TV ცნობილია ადამიანის უფლებებისა და კორუფციის შესახებ გაშუქებით. ის აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო აქტივისტებს საეთერო დროს აძლევს.
0
0