
სომხეთი აზერბაიჯანთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისთვის მზადაა, რაც შესაძლოა, ნავთობპროდუქტების შეძენას მოიცავდეს. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს მხოლოდ საწვავი არ იქნება და რაც უფრო მეტი ალტერნატიული ენერგიის წყარო იარსებებს, მით უკეთესია სომხეთისთვის.
სიმონიანი ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანული საქონლის სომხეთის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასა და თურქეთში ტრანზიტთან დაკავშირებით. ის უახლოეს მომავალში ასეთი ტრანზიტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთს ნავთობპროდუქტების პარტიას საქართველოს გავლით მიაწოდებს. თბილისი ერთჯერად უფასო ტრანზიტზე დათანხმდა.
აზერბაიჯანის გარდა, თურქეთთან ახალი სავაჭრო გზის გახსნას ყაზახეთიც გეგმავს. ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სომხეთზე გამავალი გზა ასტანას თურქეთის პორტებთან პირდაპირ წვდომას მიანიჭებს, მაშინ, როცა ამჟამად აზერბაიჯანის გავლით საქართველოს შავი ზღვის პორტებს იყენებს.
ცნობისთვის: ნახიჩევანის ავტონომიურ ოლქი აზერბაიჯანული ანკლავია, რომელსაც სამხრეთ სომხეთის სიუნიქის რეგიონის 42-კილომეტრიანი დერეფნის გამო ბაქო ხმელეთით ვერ უკავშირდება. სომხურ სიუნიქის, იგივე, აზერბაიჯანულ ზანგეზურის დერეფანზე სატრანსპორტო საკომუნიკაციო სისტემის გატარების მიზნით 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთის, აშშ-ისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც დერეფანს კიდევ ერთი სახელი, TRIPP, ანუ „ტრამპის მარშრუტი” ეწოდა. პროექტის მთავარი მიზან აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო კავშირის განბლოკვაა. თავის მხრივ, სომხეთი შეინარჩუნებს სუვერენიტეტს თავის ტერიტორიაზე, თუმცა შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ მარშრუტის მმართველი კერძო ამერიკული კომპანია იქნება. ამჟამად სომხეთი აშშ-სთან TRIPP-ის პროექტისთვის სატრანსპორტო დერეფნის იჯარით გაცემის ორ სცენარს განიხილავს, რომელთაგან ერთი 49-წლიან, ხოლო მეორე 99-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს.
0
0