
როგორც ცნობილია, სომხეთმა რუს სამშვიდობოებს კონფლიქტში ჩართვისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რეგიონში "ანტიტერორისტული" ოპერაციები დაიწყო. როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა Telegram-ზე განაცხადა, ე.წ. მოძმე ქვეყნიდან „ვიღაცა“ ნატოს ეკეკლუცება.
"გამოიცანით, რა ბედი ელის მას..." - დასძინა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.
როგორც Politico წერს, მედვედევის შეფარული კომენტარი რუსეთის ამჟამინდელ პოზიციას ასახავს მაშინ, როცა თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა აზერბაიჯანმა სომხეთთან სამი ათწლეულის წინანდელი კონფლიქტი გაამწვავა. ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში განლაგებული სამხედრო ბაზით, რუსეთი დიდი ხანია ასრულებს სომხეთის უსაფრთხოების გარანტიის როლს - მართავს დაძაბულობას მთიან ყარაბაღში, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეთნიკური სომეხი უმრავლესობის კონტროლის ქვეშ არის.
2020 წელს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკება აწარმოა სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარედ ტერიტორიები დაიბრუნა, შედეგად კი ათასობით ადამიანი დაიღუპა.
თუმცა ბოლო თვეებში სომხეთსა და რუსეთს შორის ოდესღაც მეგობრული ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა, რადგან სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, უკრაინაში შეჭრის ფონზე სომხეთისადმი მოსკოვის უყურადღებობა საჯაროდ ეჭვქვეშ დააყენა. სომხეთის მოსკოვისადმი უნდობლობის კიდევ ერთი ნიშანია ის, რომ ქვეყანამ სექტემბერში სომხურ-ამერიკულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლა.
„რუსეთის გაღიზიანებამ ბაქოს ოპერაციისთვის იდეალური ფონი შექმნა,“- წერს X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) Chatham House-ის ასოცირებული თანამშრომელი ლოურენს ბროერსი.
ამჟამად, რუსეთი, ძირითადად, დუმს, რადგან მას სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ეთნიკური სომხები სეპარატისტულ რეგიონში მორიგი ზავის მოთხოვნით მიმართავენ. რუსეთსა და სომხეთს შორის განხეთქილების შემდეგ კეთილგანწყობილი ურთიერთობების დამყარების ნაცვლად, 19 სექტემბერს აზერბაიჯანის ქმედებებმა ცეცხლს მხოლოდ საწვავი დაუმატა. ესკალაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთიან ყარაბაღში დაძაბულობის გამწვავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ აზერბაიჯანი დე-ფაქტო დამოუკიდებლად აღიარა. „თუ სომხეთმა თავად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად, ჩვენ რა გვესაქმება მასთან?“ - დასძინა პუტინმა.
კრემლის მომხრე ექსპერტებმა და მედიის წარმომადგენლებმა 19 სექტემბრის მოვლენები მოსკოვის სასარგებლოდ შეაფასეს და ფაშინიანი დასავლეთისადმი კეთილი განწყობის გამოხატვის გამო დაადანაშაულეს. რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მაუწყებლის RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, ესკალაციას „ტრაგიკული, გამოუსწორებელი და წინასწარდაგეგმილი“ უწოდა და ფაშინიანი იუდას შეადარა.
„ფაშინიანი რუს სამშვიდობოებს ყარაბაღის დაცვას სთხოვს (!). ნატოზე რას იტყვით?” - წერს სიმონიანი Telegram-ზე.
კრემლის მომხრე პოლიტოლოგმა სერგეი მარკოვმა Telegram-ზე დაწერა: „სომხეთის ხელმძღვანელობამ დიდი ხნის წინ უღალატა რუსეთს. სომხეთის მთავარი მეგობრები - საფრანგეთი, ევროკავშირი და აშშ - ახლა რუსეთის მტრები არიან.
„მოსკოვი იმედოვნებს, რომ ერევანში კონტრრევოლუცია სწრაფად მოხდება - ამას ყარაბაღში მისი [სომხეთის] დამარცხება დააჩქარებს“, - თქვა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ვლადიმერ პასტუხოვმა.
0
0