-share.jpg)
სულ უფრო მეტი მუქარა ვრცელდება ირანიდან, უფრო მეტი პროვოკაცია ხდება აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ამის შესახებ პარასკევს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აიხან ჰაჯიზადემ განაცხადა.
„ბოლო დროს სულ უფრო მეტი მუქარა ისმის ირანიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ხდება პროვოკაციები აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ასეთ პროვოკაციებს შორისაა ირანის მიერ აზერბაიჯანის საზღვარზე ჩატარებული წვრთნები, ბავშვების მონაწილეობით ანტიაზერბაიჯანული ვიდეორგოლების შექმნა და გავრცელება, თეირანში ჩვენი ქვეყნის საელჩოზე თავდასხმა. გარდა ამისა, გამოძიების წინასწარი მონაცემებით, დეპუტატ ფაზილ მუსტაფაზე ბოლოდროინდელი ტერორისტული თავდასხმის კვალი ასევე მიდის ირანში“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჰაჯიზადეს თქმით, ბაქო მტკიცედ გმობს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნასერ კანანი ჩაფის განცხადებებს.
„მისი სიტყვები კიდევ ერთი ნაბიჯია აზერბაიჯანულ-ირანის ურთიერთობების კრიზისამდე მიყვანისკენ“, - დასძინა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
TASS-ის ცნობით, პარასკევს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ კანანი ჩაფიმ მოსთხოვა ბაქოს, აეხსნა „ანტიირანული თანამშრომლობა“ ისრაელთან. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა არის „შეთქმულება“, რომელსაც ისრაელი თითქოს ამზადებს ირანის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
28 მარტს ბაქოში აზერბაიჯანის პარლამენტის წევრის, ფაზილ მუსტაფას სიცოცხლის მოსპობის მცდელობა განხორციელდა. უცნობმა პირმა პარლამენტარს სახლის კარზე ავტომატიდან ესროლა. მუსტაფამ ორი ტყვიით მიიღო ჭრილობა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაზილ მუსტაფა ცნობილია ირანის ხელისუფლების პოლიტიკის რეგულარული კრიტიკითა და აზერბაიჯანის შიდა საქმეებში თეირანის ჩარევით.
0
0