
ოპოზიციური პარტიის „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე, ჟურნალისტი, ყოფილი პოლიტპატიმარი სეიმურ ჰაზი საქართველოში არ შეუშვეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის კრიტიკოსმა სარფის საგუშაგოზე თურქეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ვერ შეძლო.
„ქვეყანაში შესვლაზე უარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამომიცხადეს. ჟურნალისტი ვარ, კრიტიკული პოზიცია მაქვს და ვფიქრობ, რომ ეს იყო მიზეზი. საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ეს არის შეთანხმებული ქმედება, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. მე და მუხთარლი ერთად ვმუშაობდით, მსგავსი შემთხვევებია“, - განუცხადა ოპოზიციის ლიდერმა ტელეკომპანია „ფორმულას“.
სოციალურ ქსელში ის ასევე წერს, რომ „ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, ასე არ უნდა მოიქცეს“.
ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ მომხდარზე კომენტარი გააკეთა, იუწყება გამოცემა SOVA. მისი თქმით, ალიევის რეჟიმი ივანიშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და საქართველოში შესვლაზე უარის თქმა სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია.
„ივანიშვილის ხელისუფლება მუდმივად ახორციელებს უკანონო ქმედებებს აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და აქტივისტების მიმართ. ივანიშვილის მოთხოვნით თბილისში მცხოვრები ჟურნალისტები საქართველოდან გააძევეს. ამისთვის ივანიშვილი მილიონებს იღებს ალიევისგან“, - განაცხადა მუხთარლიმ.
0
0