
აზბესტი და აზბესტთან დაკავშირებული პრობლემები პერიოდულად აქტუალური ხდება ქართულ მედიაში, მაგრამ ამის მიუხედავად საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ დაბალია.
აზბესტი არის ნივთიერება, რომელიც გამოირჩევა თავისი სიმტკიცით (ბევრად მტკიცეა ვიდრე ფოლადი და სხვა ლითონები) და თბოგაუმტარი ბუნებით. ამ თვისებების გამო ადამიანები მრავალი საუკუნეა იყენებდნენ ამ ნივთიერებას მშენებლობებში და მეოცე საუკუნის განმავლობაში კიდევ უფრო გააფართოეს მისი გამოყენების არეალი: დაიწყეს აზბესტის მანქანათმშენებლობაში გამოყენება. ყველანაირად კარგი ნივთიერება იყო ერთი შეხედვით, იაფი და სასწაულად გამძლე, მაგრამ მეოცე საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს, რომ აზბესტი კლავს.
70-იან წლებში უკვე შეიქმნა საიმისო სტატისტიკა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შესაბამისად, ის აზბესტი ტოქსიკურ და ადამიანთათვის საშიშ ნივთიერებად გამოცხადდა. უფრო მეტიც, იმ დროისთვის ევროპული ქვეყნების დიდმა ნაწილმა დაიწყო აზბესტის წარმოების, იმპორტისა და გამოყენების აკრძალვა.
აზბესტის ნაწილაკების შესუნთქვა, თუნდაც მცირე რაოდენობით საკმარისია იმისათვის, რომ სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეთ. იმ შემთხვევაში თუ აზბესტის ნაწილაკები მოხვდებიან ადამიანის ფილტვებში, ისინი სამუდამოდ იქ დარჩებიან და გააგრძელებენ ფილტვების დაზიანებას. აზბესტის ნაწილაკები ჭრიან, კაწრავენ ფილტვებს შიგნიდან, მათი გამოდევნა ფილტვებიდან კი შეუძლებელია. აზბესტის ნაწილაკები იწვევენ აზბესტოსს, მესოთელიომას (სიმსივნეს) და კიდევ სხვა მრავალ თითქმის უკურნებელ დაავადებებს. არ არსებობს აზბესტის მცირე დოზაც კი, რაც ჯანრმთელობისთვის უვნებლად შეიძლება ჩაითვალოს.
აზბესტის დაავადებებს ახასიათებთ დიდი ლატენტური პერიოდი. ადამიანებს აზბესტთან დაკავშირებული დაავადებები უვლინდებათ აზბესტთან შეხებიდან 20-30 წელიწადში, სწორედ ამ მიზეზის გამო ჭირდა უამრავი ადამიანის სიკვდილის აზბესტთან დაკავშირება წინა საუკუნეში და მხოლოდ გვიანღა გამოიკვლიეს ეს საკითხი.
ყველაზე გახმაურებული საქმე ამ კუთხით არის “THE W.R. GRACE COMPANY” და მისი საქმიანობა აშშ-ს ერთ-ერთ ქალაქში, ლიბიში. კომპანია ამუშავებდა მაღაროს, საიდანაც მუშების მეშვეობით აზბესტის ნაწილაკები დასახლებაში ვრცელდებოდა.
1979-2011 წლებში ლიბიში 700-მდე ადამიანი დაიღუპა აზბესტისგან გამოწვეული დაავადებების შედეგად (ლიბის დღევანდელი მოსახლეობა 2903 კაცია).
აზბესტის მეორადი გავრცელება საკმაოდ მარტივია, თუ მისი ნაწილი ტანსაცმელზე მოხვდა მას გარეცხვა აღარ შველის, ასე რომ თუ კი ადამიანს პირდაპირი შეხება აქვს აზბესტთან და არღვევს თავდაცვის ნორმებს, მას ძალიან მარტივად შეუძლია საფრთხის ქვეშ ჩააგდოს ადამიანი.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მოხვდა აზბესტის პირველადი გავრცელების არეალში (შენობაში გამოყენებული იყო აზბესტი). ამის გამო აშშ-ში ფონდები შეიქმნა, რომელთა მიზანიც იმ ადამიანების მკურნალობაა, რომლებსაც აზბესტთან დაკავშირებული დაავადებები დაემართათ ტერაქტით გამოწვეული აზბესტის გავრცელების გამო. დღესდღეობით 5000+ ადამიანია (შემსწრეები) გარდაცვლილი 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ აზბესტოსითა და მესოთელიომით, რომელთაც პირდაპირი კავშირი აქვთ აზბესტთან.
1970 წლიდან დაიწყო აზბესტთან დაკავშირებით ნორმების და სტანდარტების შემოღება, დაიწყო მისი ჩანაცვლება სხვა მასალებით და მისი გამოყენების მინიმალური შემცირება. სამწუხაროდ საქართველო იმ ქვეყანათა რიგს არ მიეკუთვნება, რომელთაც აზბესტს დიდი ყურადღება მიაქციეს.
მთელი საბჭოთა შენობები, რაც კი აშენებულია 80-იან წლებამდე, აზბესტის შემცველია. რეალურად ჩვენს ირგვლივ არსებული ქალაქები და სოფლები არიან დაკონსერვებული პოტენციური მკვლელები. რემონტი, ნგრევა და ამ ნივთიერების კედლებიდან გამოთავისუფლება ადამიანთათვის ძალიან საფრთხილოა, მაგრამ ამის მიუხედავად, არც რეგულაცია არსებობს და არც საზოგადოების ცნობიერებაა შესაბამის დონეზე. ერთადერთი კანონი ამასთან დაკავშირებით ეხება აზბესტი წარმოებას - საქართველოში აზბესტის წარმოება, მოპოვება იკრძალება, მაგრამ მისი იმპორტი არა.
ფაქტობრივად უკონტროლოდ შემოედინება სამშენებლო მასალაც და მანქანის ნაწილებიც, რომლებიც პოტენციურად აზბესტის შემცველები შესაძლოა იყვნენ, ამის შესახებ კი მოსახლეობამ არაფერი არ იცის.
შიფერები და კრამიტები, რომლებითაც უამრავი სახლია გადახურული სოფელში, აზბესტის შემცველია, შიფერების დამტვრევა კი პირდაპირ გამოაფრქვევს აზბესტის ნაწილაკებს ჰაერში.
მანქანის ხუნდების, ე.წ. „კალოდკების“ პროდუქციის დიდ ნაწილში აზბესტი გამოიყენება.
საბჭოთა კავშირში აშენებული ქალაქები და სოფლები აზბესტითაა ნაშენი.
ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება არ ფლობს, რაც მათ პოტენციურ მსხვერპლებად აქცევს. სახლში მოწყობილი რემონტში შესაძლოა რამდენიმე ათწლეულში სიმსივნის, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება!
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
გამოყენებული წყაროები:
https://www.asbestos.com/mesothelioma-lawyer/legislation/ban/
0
0