
ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ხელახლა ჩაატარონ არჩევნები, კონკრეტული პირობების დაცვით და იმ სტანდარტებით, რომლებსაც ევროკავშირში პატივს ვცემთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლონელმა დეპუტატმა, მიჰაუ შერბამ განაცხადა.
მიჰაუ შერბას თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოში იმყოფებიან ქართველი ხალხისთვის.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ქუჩებში და არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც, რადგან მათ სურთ ამ ქვეყნისთვის ევროპული მომავალი. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა კონკრეტული წინაპირობებით, ერთ-ერთი ასეთი პირობა იყო თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. გვინდა, ვთქვათ, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ხელახლა ჩაატარონ არჩევნები, კონკრეტული პირობების დაცვით და იმ სტანდარტებით, რომლებსაც ევროკავშირში პატივს ვცემთ“, – განაცხადა მიჰაუ შერბამ.
ამასთან, როგორც მიჰაუ შერბამ აღნიშნა, „ახლა საქართველოში პრეზიდენტი არის ერთადერთი ხელისუფალი, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია“.
„ის პირდაპირი არჩევნებით არის არჩეული და ის არის ამ ქვეყნის ლიდერი. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ მასთან, რომ საქართველომ გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ“, – აღნიშნა მიჰაუ შერბამ.
0
0