
"ახლა გამოუშვეს, რის საფუძველზე, არ ვიცი... პრეზიდენტს არ შეუწყალებია", - ამის შესახებ დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე “მთავარ არხთან” აცხადებს.
"თავისუფალია, კი ბატონო. ახლა მიმყავს ქობულეთში. ახლა გამოუშვეს. ქობულეთში ვიქნებით 3-4 საათში. დღეს გაათავისუფლეს, სადღაც10 წუთია. რის საფუძველზე, არ ვიცი. ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა თავისუფალიაო, ახლა საპყრობილე დატოვა. პრეზიდენტს არ შეუწყალებია. დეტალები არ ვიცი. შემიძლია ვთქვა, რომ უდოს კომისიაზე გვქონდა განცხადება გაგზავნილი წინა წლის ნოემბერში, პასუხი მოგვივიდა, რომ 3-თვიანი ვადა ითხოვა უდოს კომისიამ. 19 თებერვალს უნდა გასულიყო 3 თვე. დღეს მირეკავს ჩემი ძმა, რომ გათავისუფლებულია. დეტალები არ ვიცი“" - ამბობს თორნიკე მამალაძე.
გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ ოჯახის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავისუფალია და სხვა დეტალებს ჯერ კიდევ არკვევს. მისი თქმით, არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა მიზეზით გაათავისუფლეს დეკანოზი ვადაზე ადრე.
"უდოს კომისიაზეც იყო მიმართული, შეწყალებაზეც იყო მიმართული", - ამბობს ადვოკატი.
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ძმა თორნიკე მამალაძე ავრცელებს.
"7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია", - წერს თორნიკე მამალაძე.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.
0
0