05/04/2024
23:42
საზოგადოება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც სააგენტოს მიერ დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების შესახებ ისაუბრეს,
შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ლაშა საღინაძე, კანცლერის მოადგილე გიორგი შამათავა, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ ძირითად პროგრამებსა და პროექტებზე, რომელსაც სააგენტო მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელებს.
შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა თსუ-ის სტუდენტებს გააცნეს დაგეგმილ ახალგაზრდულ ფესტივალში მონაწილეობის პირობები, რეგისტრაციის ვადები, ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა აქტივობაში სტუდენტების ჩართულობის შესაძლებლობის შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
სტუდფესტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.
ფესტივალი მოიცავს: უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას, კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებების გამართვას, ინტერმედიას - რაც გულისხმობს საუნივერსიტეტო თეატრებს შორის კონკურსის ჩატარებას, მოხალისეობრივ აქტივობებსა და STEM კონკურსს. აღნიშნული საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.
0
0