
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ავთანდილ ცინცაძემ დედაქალაქის მერს და მთავრობას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, დედაქალაქის მერის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები საკრებულოში სრულ მხარდაჭერას მიიღებენ, რადგან მათ ზურგს უმაგრებს გამოცდილება და განხორციელებული პროექტები. მინდა რამდენიმე პროექტზე შევაჩერო ყურადღება, კონკრეტულად, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა და დაუმთავრებელი მშენებლობების პროექტზე. უნდა აღვნიშნო, რომ ვერცერთმა მერმა და მთავრობამ ვერ აიღო ამაზე პასუხისმგებლობა, გარდა კახა კალაძისა და მისი გუნდისა. ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს 12 ათასზე მეტ გახარებულ ადამიანს და ოჯახს ვხედავთ. მე მინდა წარმატება ვუსურვო კახა კალაძეს და მის გუნდს და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ვიამაყებთ იმ პროექტებით და საქმეებით, რომლებიც მომავალი 4 წლის განმავლობაში განხორციელდება“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ არ აქვთ უფლება თბილისის მერი და მისი გუნდი გააკრიტიკონ.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს „ლელოდან“. თქვენ იყავით წინა 4 წლის განმავლობაში საკრებულოს შემადგენლობაში და არცერთ იმ გადაწყვეტილებაში არ მიგიღიათ მონაწილეობა, რომლებიც თბილისში განხორციელდა. თქვენ ქუჩაში გახვედით და შეუერთდით იმ რადიკალურ ჯგუფებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მტრები არიან. თქვენ სიტყვა თაღლითი ახსენეთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი ჯგუფის ხელმძღვანელები არიან ყველა სასამართლოს მიერ აღიარებული თაღლითები. რა უფლება გაქვთ, რომ ხმამაღლა საუბრობთ! თქვენ განერვიულებთ კახა კალაძის და მისი გუნდის მიერ განხორციელებული ის პროექტები, რომლებსაც ჩვენი ქალაქის მცხოვრებლები კარგად ხედავენ და სწორედ ამიტომ შეივსო თქვენ გვერდით სკამები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
0
0
 
             
             
             
             
             
            