შპს „ავთანდილ ცქვიტინიძიდან“ კონსულტანტი ჩაცმულობის გამო გაათავისუფლეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება“ ავრცელებს.
პროფკავშირის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამსაქმებლის მიერ კონსულტანტის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და შპს „ავთანდილ ცქვიტინიძეს“ კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა დაეკისრა.
პროფკავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ა.კ „ავთანდილში” კონსულტანტის პოზიციაზე იყო დასაქმებული და, მისი თქმით, სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამუშაოზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დადიოდა.
მათივე განცხადებით, სასამართლო პროცესზე დამსაქმებელმა განმარტა, რომ მისი ჩაცმულობით იყვნენ უკმაყოფილო და სწორედ ამ ნიშნით აღარ ისურვეს ა.კ-ს სამუშაოზე დაბრუნება.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ დამსაქმებლის მიერ ა.კ-ს სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. მოპასუხეს დაეკისრა კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის გადახდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე”, – ვკითხულობთ პროფკავშირის ინფორმაციაში.
„პუბლიკამ“ შპს „ავთანდილის“ აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ მგალობლიშვილი ჩაწერა, რომელმაც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „აბსურდული“ უწოდა.
მისი თქმით, კონსულტანტის გათავისუფლების მიზეზი მისი „უდისციპლინობა“ იყო.
შეკითხვაზე, სასამართლოზე ნამდვილად ითქვა თუ არა, რომ მისი ჩაცმულობით იყვნენ უკმაყოფილო და ამის გამო აღარ ისურვეს კონსულტანტის სამსახურში დაბრუნება, მგალობლიშვილი პასუხობს:
„კი, ითქვა ეგ ფრაზა [ჩაცმულობასთან დაკავშირებით], რომ მისი სიშიშვლე არ შეესაბამებოდა ჩვენს კომპანიას, მაგრამ ჩაცმულობა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა. ჩვენი კონსულტანტები აბსოლუტურად თავისუფალი არიან ჩაცმულობაში. თუ ყოფილხართ ჩვენს მაღაზიაში, მიხვდებით. ჩვენ ფორმები და რაღაცები არ გვაქვს, კონსულტანტებს თავისუფალი ჩაცმის სტილი აქვთ, მაგრამ სასამართლოზე ითქვა, რომ ეს თავისუფლება არ ნიშნავს სიშიშვლეს“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ყოფილ დასაქმებულს მათთვის დავა არ მოუგია, რადგან ის სამსახურში აღდგენასაც ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
„განცხადებაში რაც წერია, 95% არის აბსოლუტური სიცრუე. დავა არ მოუგია, მათი მოთხოვნა იყო სამსახურში აღდგენა და სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. კომპენსაცია დაგვეკისრა და მაგ კომპენსაციას ჩვენითაც ვთავაზობდით მას […]. ზოგადად, ასე თუ გააგრძელებენ, გავასაჩივრებთ კიდეც და რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელსაც შევიტანთ თვითონ პროფკავშირების წინააღმდეგ“, – განაცხადა ზურაბ მგალობლიშვილმა.
0
0