
როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ავსტრია პალესტინელებს ფინანსურ დახმარებას შეუჩერებს, რაც 19 მილიონ ევრომდე ღირებულების რამდენიმე პროექტს მოიცავს.
"ტერორის მასშტაბები იმდენად საშინელია, რომ ჩვეულ საქმიანობას ვერ დავუბრუნდებით... ამიტომ, ამ დროისთვის, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა ყველანაირ ფინანსურ დახმარებას შეაჩერებს", - განაცხადა შალენბერგმა.
შალენბერგმა არ დააკონკრეტა, რომელ მხარეს შეუწყდება დახმარება - „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზას (პალესტინის ანკლავი) თუ იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ბევრად უფრო დიდ ტერიტორიას, რომელსაც დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი პალესტინის ხელისუფლება [პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი] აკონტროლებს. როგორც ცნობილია, მაჰმუდ აბასის მოძრაობა „ფათაჰი“ „ჰამასის“ კონკურენტია.
ბოლო წლებში, ნეიტრალური ქვეყნის - ავსტრიის - მმართველმა კონსერვატორებმა ისრაელის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მხარდამჭერი პოზიცია დაიკავეს ევროკავშირში. ღაზას სექტორიდან განხორციელებული „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, კანცლერის ოფისსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობებზე ისრაელის დროშა აღიმართა.
ავსტრიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მეზობელი გერმანია განიხილავდა, „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ უნდა შეწყვიტოს თუ არა პალესტინელებისთვის დახმარების უზრუნველყოფა. განვითარების მინისტრმა სვენია შულზემ განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა ყოველთვის ამოწმებს, რომ ფინანსური დახმარება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენებოდეს.
0
0