
დასავლეთ ავსტრალიაში, ესპერანსის მახლობლად, შორეულ უორტონ-ბიჩზე ადგილობრივმა მკვიდრმა დებ ბრაუნმა და მისმა ოჯახმა ორი ავსტრალიელი ჯარისკაცის მიერ 1916 წელს დაწერილი და ბოთლში მოთავსებული წერილები საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ იპოვა. წერილები, პირველი მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთში საბრძოლველად ჩასვლიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში დაიწერა.
ერთ-ერთი ჯარისკაცი, მალკოლმ ნევილი, დედას სწერდა, რომ გემზე საჭმელი „ძალიან გემრიელი“ იყო და, რომ ისინი „ბედნიერები იყვნენ“. რამდენიმე თვის შემდეგ, ის 28 წლის ასაკში ბრძოლაში დაიღუპა. მეორე ჯარისკაცი, 37 წლის უილიამ ჰარლი, ომს გადაურჩა და სახლში დაბრუნდა. ნაპოვნი წერილები მათ შთამომავლებს გადაეცათ.
„ჩემს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად სანაპიროზე, ჩვეულებრივ, კვადროციკლით ნაგვის მოსაშორებლად გავეშურეთ და ქვიშაში სქელი შუშის ბოთლი შევნიშნეთ. ეს პატარა ბოთლი იქ იდო და ელოდა, როდის აიღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდი სველი იყო, ორივე წერილი მაინც იკითხებოდა, ამიტომ ჯარისკაცების ოჯახების ძებნა დავიწყე. ჯარისკაცის ძმისშვილი, ჰერბი ნევილი, ონლაინ რეჟიმში მოვძებნე სახელისა და წარმოშობის ქალაქის მიხედვით, რადგან წერილში დედის მისამართი იყო მითითებული. ეს აღმოჩენა მისი ოჯახისთვის დაუჯერებელი იყო, განსაკუთრებით, პრიტე ნევილის დისშვილ 101 წლის მარიან დეივისისთვის, რომელსაც ახსოვს, როგორ წავიდა მისი ბიძა ომში და აღარ დაბრუნებულა.
მეორე წერილი, რომელიც ჯარისკაცის, უილიამ ჰარლის მიერ იყო დაწერილი, უბრალოდ იმ ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, ვინც ბოთლს იპოვიდა. მისი დედა წლების წინ გარდაიცვალა. უილიამ ჰარლის წერილში ნათქვამია, რომ ბოთლი სადღაც ყურეში გადააგდეს. ის ქვეყნის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარე დიდ ავსტრალიურ ყურეს გულისხმობდა“, - განუცხადა ბრაუნმა Associated Press-ს.
ოკეანოგრაფიის პროფესორმა ABC-ს განუცხადა, რომ ბოთლი შესაძლოა წყალში მხოლოდ რამდენიმე კვირა იმყოფებოდა, შემდეგ კი უორტონის სანაპიროზე გამოირიყა, სადაც შესაძლოა 100 წლის განმავლობაში იყო ჩაფლული.
1
0