03/08/2023
13:06
მსოფლიო
ავსტრალიის ეროვნული გალერეა კამბოჯას მე-9 და მე-10 საუკუნეების მოპარულ ბრინჯაოს სამ ქანდაკებას უბრუნებს.
ორმა ქვეყანამ არტეფაქტების წარმოშობის დასადგენად ათწლეულის მანძილზე გამოძიება ჩაატარა. კამბოჯის მთავრობა მიესალმა ისტორიულ გადაწყვეტილებას, როგორც "წარსულში ჩადენილი უსამართლობის გამოსწორებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს".
ავსტრალიის ეროვნული გალერეის განცხადებით, გალერეამ ქანდაკებები 2011 წელს 2,3 მილიონ ავსტრალიურ დოლარად (1,5 მილიონი დოლარი) იყიდა ბრიტანელი არტეფაქტების კონტრაბანდისტ დუგლას ლაჩფორდისგან, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა. ლაჩფორდი ანტიკური ძეგლებით უკანონო ვაჭრობაში 2016 წლიდან იყო ჩართული. ბრალდება მას 2019 წელს წაუყენეს მოპარული კამბოჯური არტეფაქტებით სავარაუდო უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით.
ლაჩფორდის ქალიშვილი, ნავაპან კრიანგსაკი, ავსტრალიის ეროვნულ გალერეასთან და კამბოჯის კულტურისა და სახვითი ხელოვნების სამინისტროს მკვლევარებთან თანამშრომლობდა და მათ არტეფაქტების დაბრუნებაში დაეხმარა. ნამუშევრები გალერეაში სამი წლის განმავლობაში დარჩება. კამბოჯა მათ განსათავსებლად ახალ ადგილს პნომპენში ამზადებს.
„ეს არის შესაძლებლობა გამოვასწოროთ ისტორიული შეცდომა, ასევე გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები კამბოჯასთან“, - თქვა ავსტრალიის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხელოვნების სფეროში, სიუზან ტემპლემენმა.
კამბოჯა საერთაშორისო მთავრობებს მოუწოდებს, აღადგინონ ათასობით ანტიკური ძეგლი, რომელიც კამბოჯის უძველესი ტაძრებიდან მოიპარეს - მათ შორის საუბარია რამდენიმე არტეფაქტზე, რომლებიც ვიქტორიასა და ალბერტისა და ბრიტანეთის მუზეუმებში ინახება.
0
0