27/11/2024
11:52
მსოფლიო
ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა აიკრძალება მას შემდეგ, რაც პარლამენტის ქვედა პალატამ კანონპროექტი მიიღო მიუხედავად იმისა, რომ Alphabet-მა (GOOGL.O), Google-მა და Facebook-ის მფლობელმა Meta-მ (META.O) მთავრობას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდა.
პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის მემარცხენე ცენტრის ლეიბორისტული მთავრობის ორპარტიული მხარდაჭერის შემდეგ, ავსტრალიის წარმომადგენელთა პალატამ აღნიშნული კანონპროექტი 102 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიიღო. სენატი კანონპროექტს 27 ნოემბერს განიხილავს. მთავრობას მისი მიღება საპარლამენტო წლის ბოლომდე - 28 ნოემბერს - სურს.
ალბანეზის მტკიცებით, სოციალური მედიის გადაჭარბებული გამოყენება საფრთხეს უქმნის ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის, News Corp-მა (NWSA.O), კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა. ასევე აღნიშნულ აკრძალვას ავსტრალიელთა 77% ემხრობა. კანონის თანახმად, სოციალური მედიის პლატფორმებმა უნდა გადადგან გონივრული ნაბიჯები ასაკის გადამოწმების უზრუნველსაყოფად. სისტემური დარღვევებისთვის კომპანიები შეიძლება 32 მილიონი აშშ დოლარით დაჯარიმდნენ. სოციალური მედიის პლატფორმებმა არ უნდა მოსთხოვონ მომხმარებლებს, მათი ასაკის შემოწმების მიზნით, პერსონალური მონაცემების, როგორიცაა პასპორტი და სხვა ციფრული იდენტიფიკაცია, წარდგენა.
„სოციალური მედიის პლატფორმებმა უნდა განსაზღვრონ ასაკის უზრუნველყოფისთვის საჭირო ალტერნატიული, გონივრული მეთოდები, სასამართლო პროცესის გათვალისწინებით," - განაცხადა სენატის გარემოს დაცვისა და კომუნიკაციების საკანონმდებლო კომიტეტმა.
როგორც Bytedance-ის TikTok-მა განაცხადა, კანონპროექტის მისაღებად მეტი კონსულტაციის გავლაა საჭირო, ხოლო ილონ მასკის X-ის მტკიცებით, ინიცირებულმა კანონპროექტმა შეიძლება ბავშვთა უფლებებზე უარყოფითად იმოქმედოს.
0
0