
ავსტრალიის ხელისუფლებამ თეირანი ანტისემიტურ თავდასხმებში დაადანაშაულა და ირანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრალიიდან ელჩის პირველი ამგვარი გაძევებაა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანიზმა განაცხადა, რომ ავსტრალიის უსაფრთხოების სადაზვერვო ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ირანს კავშირი აქვს ცეცხლის განზრახ გაჩენის, სულ მცირე, ორ შემთხვევასთან სიდნეისა და მელბურნში.
ორ მამაკაცს წაუყენეს ბრალი დეკემბერში მელბურნის გარეუბანში ერთ-ერთი სინაგოგისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეზე. მეორე შემთხვევა იანვარში მოხდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა სიდნეის გარეუბანში კოშერულ რესტორანს. ავსტრალიის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, ირანი ხელმძღვანელობდა მომდევნო თავდასხმებსაც.
„ეს იყო აგრესიის განსაკუთრებული და საშიში აქტები, რომლებიც უცხო ქვეყნის მიერ ავსტრალიის მიწაზე იყო ორგანიზებული. ეს იყო სოციალური ერთიანობისთვის ძირის გამოთხრისა და ჩვენს საზოგადოებაში უთანხმოების დათესვის მცდელობები“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.
ენტონი ალბანიზის განცხადებით, ავსტრალიამ თეირანში თავისი საელჩოს მუშაობა შეაჩერა და ყველა თავისი დიპლომატი უსაფრთხოდ გადაყვანილია მესამე ქვეყანაში.
ჩოხეავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პენი ვონგის განცხადებით, ირანის ელჩს აჰმად სადეგისა და ირანის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცეს.
სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმისა და ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ავსტრალიაში საცხოვრებელ სახლებზე, სინაგოგებზე, სკოლებსა და მანქანებზე ანტისემიტური თავდასხმები განხორციელდა, ასევე გაიზარდა ისლამოფობიური შემთხვევების რაოდენობა.
0
0