ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი კიდევ უფრო უფერულდება. ამ მოვლენას მარჯნებიდან იმ წყალმცენარეების განდევნა იწვევს, რომლებიც მათ სიცოცხლეს და ფერს ანიჭებს.
რვა წლის განმავლობაში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მკვეთრად დაზიანდა. 2016 წლამდე მარჯნის რიფები მასობრივად ორჯერ გაუფერულდა. მეცნიერების განცხადებით, რიფების გადარჩენისთვის საჭიროა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშრებული სასწრაფო ზომების მიღება.
ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან 2300 კილომეტრზე გადაჭიმული დიდი ბარიერული რიფები მსოფლიოში უდიდესი მარჯნის სისტემა და ერთ-ერთი ყველაზე ბიომრავალფეროვანი ჰაბიტატია.
320 რიფის კვლევამ აჩვენა, რომ ზაფხულში გაზრდილი საზღვაო ტემპერატურის შემდეგ რიფების უმეტესობა მასობრივ გაუფერულებას განიცდის. როგორც დიდი ბარიერული რიფის საზღვაო პარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, ზღვაში მიმდინარეობს გამოკვლევები რიფების ზიანის ხარისხისა და სიღრმის დასადგენად.
„სამხრეთ ზონაში გაუფერულება, თითქმის 20 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურია და შეიძლება უპრეცედენტო გახდეს. ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ რა შედეგები მოჰყვება ამ მოვლენას. თუ ზღვის ტემპერატურა დაიკლებს, ბევრი გაუფერულებული რიფი გაუმჯობესდება,“ - განუცხადა BBC-ს მეცნიერმა როჯერ ბიდენმა.
0
0