
ავსტრალიელი ცოლ-ქმარი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. რუსეთში დაბადებული, ავსტრალიის მოქალაქეობის მქონე პირები თავდაცვის ძალების სფეროში მასალების მოპოვებას და მოსკოვისთვის მათ გადაცემას ცდილობდნენ.
40 წლის სამხედრო პირი კირა კოროლევი და მისი 62 წლის მეუღლე იგორ კოროლევი საქალაქო სასამართლოში გამოცხადდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ გირაოს შეფარდება არ მოუთხოვიათ და 20 სექტემბრამდე პატიმრობაში რჩებიან.
კირა კოროლევი ავსტრალიის თავდაცვის ძალების საინფორმაციო სისტემების ტექნიკოსია, ხოლო იგორ კოროლევი - თვითდასაქმებული მუშაკი. ისინი ავსტრალიაში საცხოვრებლად ათ წელზე მეტი ხნის წინ გადავიდნენ.
”ავსტრალიის ფედერალური პოლიცია ადასტურებს, რომ დაკავებული პირები ერთად მუშაობდნენ ავსტრალიის თავდაცვის ძალების მასალაზე, რომელიც ეხებოდა ავსტრალიის ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებს. ჩვენი ვარაუდით, მათ ეს ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებისთვის მისაწოდებლად მოიძიეს. გადაიცა თუ არა ეს ინფორმაცია, ჩვენი გამოძიების მთავარ აქცენტად რჩება. 2023 წელს, გახანგრძლივებული შვებულების დროს, კირა კოროლევი ფარულად გაემგზავრა რუსეთში. სავარაუდოდ, კირას მეუღლემ, ქალაქ ბრიზბენში მდებარე სახლიდან მის სამუშაო ანგარიშზე შეაღწია და კირას მოთხოვნილი საიდუმლო ინფორმაცია რუსეთში გაუგზავნა. თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურმა, ადრეული ჩარევით, ოპერაციის კონტროლის საშუალება მოგვცა,“ - თქვა ავსტრალიის ფედერალური პოლიციის (AFP) კომისარმა რის კერშოუმ.
როგორც The Independent-ი წერს, ცოლ-ქმარი პირველი ეჭვმიტანილი ჯაშუშები არიან, რომლებსაც ბრალი ჯაშუშობის შესახებ [2018 წელს] განახლებული კანონების შესაბამისად წაუყენეს. ახალი კანონი ასევე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ფარულ საგარეო ჩარევას კრძალავს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ორივე ეჭვმიტანილს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, თუ აღმოჩნდება მტკიცებულება, რომ მათ ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას მიაწოდეს, სასჯელის ზომა, მაქსიმუმ, 25 წელს ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
”ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩვენს ეროვნულ ინტერესებში ჩაერევა, პასუხს აგებს,“ - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა.
0
0