ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ბოლოდროინდელი შემთხვევების საპასუხოდ, ავსტრალიის მასშტაბით, აქციები გაიმართა. ათასობით დემონსტრანტს სურს, რომ გენდერული ძალადობის აღსაკვეთად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს და გამკაცრებული კანონები დაწესდეს.
„აუცილებელია, რომ შეიცვალოს კულტურა, დამოკიდებულებები, სამართლებრივი სისტემა და მიდგომა ყველა ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზმა დედაქალაქ კანბერაში სიტყვით გამოსვლისას.
ალბანეზმა გენდერულ ძალადობას არაერთხელ უწოდა ეპიდემია. 2021 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პარლამენტსა და საზოგადოებაში სექსუალური ძალადობის შემთხვევების გამო მსვლელობა გაიმართა. 27 აპრილს, ადელაიდაში, დაახლოებით 3000 ადამიანმა გამართა აქცია ქალაქის პარლამენტის შენობის წინ. საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ბრისბენში, მელბურნში, გოლდ კოსტსა და ნიუკასლში.
როგორც ცნობილია, აპრილის დასაწყისში, სიდნეის სავაჭრო ცენტრში, მამაკაცმა ექვსი ადამიანი დანით მოკლა. მსხვერპლიდან ხუთი ქალი იყო, მათ შორის, ერთ-ერთი ქართველი, ფიქრია დარჩია.
ავსტრალიაში, 2024 წლის მონაცემებით, ქალის მკვლელობა, საშუალოდ, ყოველ ოთხ დღეში ერთხელ ფიქსირდება. საერთო ჯამში, 2024 წლის პირველი 119 დღის განმავლობაში, 27 ქალია მოკლული.
0
0