
ავსტრალიაში, ჩეინსის სანაპიროსთან 50-ზე მეტი ვეშაპი მოკვდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
დასავლეთ ავსტრალიაში, ჩეინსის სანაპიროსთან ოკეანის წყალმარჩხ ადგილას მოხვედრილი ვეშაპები ღრმა წყალში გასვლას ვერ ახერხებენ, რის გამოც 50-ზე მეტი ძუძუმწოვარი უკვე მოკვდა. შესაბამისი სამსახურები და მოხალისეები ათობით ინდივიდის გადარჩენას ამ დრომდე ცდილობენ.
Facebook-ზე დასავლეთ ავსტრალიის პარკებისა და ველური ბუნების სამსახური წერს, რომ კბილიანი ვეშაპების ქვერიგის, შავი დელფინის სახელით ცნობილი გრინდას სახეობის ვეშაპების ჯოგი 25 ივლისს შენიშნეს. მათივე ცნობით, 51 ვეშაპი მოკვდა, 46-ის გადარჩენას კი სამსახურის თანამშრომლები და მოხალისეები ცდილობენ.
გრინდები სიგრძეში 7.6 მეტრამდე იზრდებიან და მათი ამოცნობა შავი ფერითა და გამობერილი შუბლით შეიძლება. ამ სახეობის ვეშაპები სამხრეთ ნახევარსფეროსა და ჩრდილოატლანტიკური ოკეანის წყლებში გვხვდებიან.
ველური ბუნების მკვლევრის, ვანესა პიროტას თქმით, უცნობია რატომ შედიან შავი დელფინები წყალმარჩხ ადგილებში, თუმცა აშკარაა, რომ მსგავსი ქცევის დროს ძუძუმწოვრები ერთმანეთთან უჩვეულოდ ახლოს ჯგუფდებიან.
0
0