21/11/2024
14:43
მსოფლიო
ავსტრალიის მთავრობა უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, 16 წლამდე ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენება ეკრძალებათ, - იუწყება BBC.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზეს თქმით, კანონპროექტის მიზანია ბავშვების დაცვა იმ ზიანისგან, რომელიც სოციალურ ქსელებს მოაქვთ. აკრძალვა შეეხება ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა: X, TikTok, Facebook, Instagram.
„ეს გლობალური პრობლემაა და ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდა ავსტრალიელებს ჰქონდეთ ბავშვობა. ჩვენ გვინდა, რომ მშობლები იყვნენ მშვიდად“, - განაცხადა ალბანეზემ.
შესაბამის სამსახურებს მოუწევთ დაამუშაონ საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ იქნება ეს სიახლე დანერგილი და შესრულებული.
ტექნოლოგიური კომპანიები დაჯარიმდებიან 32,5 მილიონი დოლარით წესების დარღვევის შემთხვევაში. სოციალურმა ქსელებმა თვითონ უნდა შეუზღუდონ ბავშვებს წვდომა არსებულ სერვისებზე.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ეფექტური იქნება ეს აკრძალვა და როგორ აღსრულდება ის, რადგანაც არსებობს საშუალებები, რომლებითაც ბავშვებს შეუძლიათ გვერდი აუარონ ასაკთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ინტერნეტში.
ზოგიერთი ექსპერტი ამ აკრძალვის წინააღმდეგ გამოდის და აღნიშნავს, რომ ბავშვებს და მოზარდებს უნდა ასწავლონ ინტერნეტის სწორად გამოყენება. თუმცა, მათი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ეს კანონი მნიშვნელოვანია ბავშვების დასაცავად დეზინფორმაციისგან, ბულინგისგან და ზიანის მომტანი ინფორმაციებისგან.
0
0