
ავღანეთის ხოსტის პროვინციაში, ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა.
როგორც ავღანეთის თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, პაკისტანმა ასევე ჩაატარა რეიდები კუნარისა და პაკტიკას პროვინციებში, რის შედეგადაც, 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
„გუშინ ღამით, ხოსტის პროვინციის გერბზვოს რაიონში, პაკისტანის დამპყრობელმა ძალებმა ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლი დაბომბეს, რის შედეგადაც, 9 ბავშვი (5 ბიჭი და 4 გოგონა) და 1 ქალი დაიღუპა“, - განაცხადა მუჯაჰიდმა X-ზე.
როგორც Reuters-ი წერს, ოქტომბერში, პაკისტანისა და ავღანეთის სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც, ათობით ადამიანი დაიღუპა. ეს ყველაზე მძიმე ძალადობრივი ქმედებაა მას შემდეგ, რაც თალიბები ავღანეთში 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ორივე მხარემ, ოქტომბერში, დოჰაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, თუმცა თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე ჩაიშალა პაკისტანის მიმართ მტრულად განწყობილი [ავღანეთში მოქმედი] მებრძოლი დაჯგუფებების ირგვლივ არსებული უთანხმოების გამო.
0
0