
ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რაც ბოლო 6 დღის განმავლობაში მესამე მიწისძვრაა, პირველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კი კვლავ იზრდება.
მიწისძვრა, ადგილობრივი დროით, 20:56 საათზე დაფიქსირდა, რის გამოც ნანგარჰარისა და კუნარის პროვინციებში მცხოვრები მოსახლეობა თავშესაფრებში გადავიდა. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა ადგილზე მყოფმა მედიკოსებმა BBC-ის განუცხადეს, რომ კუნარის პროვინციულ საავადმყოფოში 17 დაშავებული გადაიყვანეს.
მთავრობის განცხადებით, რეგიონის უსწორმასწორო და მთიანი რელიეფი კვლავ აფერხებს სამაშველო და კატასტროფული შედეგების აღმოფხვრის ოპერაციებს.
„განმეორებითი ბიძგები მუდმივად ფიქსირდება. სამაშველო და სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება, სხვადასხვა რაიონში ადამიანებისთვის კარვებია გაშლილი და პირველადი დახმარებისა და სასწრაფო დახმარების მარაგების მიწოდება გრძელდება“, - განაცხადა თალიბანის მთავრობის წარმომადგენელმა, ჰამდულა ფიცრატმა.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის ინფორმაციით, 31 აგვისტოს მომხდარი პირველი მიწისძვრის შედეგად, 1368 ადამიანი დაიღუპა და 2180 დაშავდა.
თალიბანის მთავრობამ, რომელსაც მხოლოდ რუსეთი აღიარებს, დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. გაერომ საგანგებო სახსრები გამოყო, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ქვეყანას 1 მილიონი ფუნტის ღირებულების დახმარება აღუთქვა.
0
0