07/05/2024
11:29
მსოფლიო
ნახატი, რომელიც აუქციონზე სულ რაღაც 1,500 ევროდ გაიტანეს, დადასტურდა, რომ იტალიელი მხატვრის მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს დაკარგული ნამუშევარია.
ესპანეთის პრადოს მუზეუმის განცხადებით, ნამუშევარი სახელწოდებით Ecce Homo - რაც ლათინურად ნიშნავს „აჰა, კაცი იგი!“ - აუქციონზე 2021 წლის აპრილში უნდა გაყიდულიყო, როგორც მე-17 საუკუნის ესპანელი მხატვრის ხოსე დე რიბერას ნახატი. მაგრამ სანამ ის მადრიდის აუქციონის სახლში განთავსდებოდა, ესპანეთის ხელისუფლებამ ნახატის ექსპორტზე აკრძალვა დააწესა მას შემდეგ, რაც მუზეუმმა მთავრობა გააფრთხილა, რომ ნამუშევარი შესაძლოა კარავაჯოს ეკუთვნოდა.
მუზეუმის თქმით, ნახატი კარავაჯოს მხოლოდ 60 ნახატიდან ერთ-ერთია, რომლის არსებობაც ცნობილია და მისი ღირებულება შეიძლება ათეულობით მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
„ნახატი 1605-09 წლებით თარიღდება და ითვლება, რომ ის ოდესღაც ესპანეთის მეფის ფილიპ IV-ის კერძო კოლექციის ნაწილი იყო. ნახატის გამოფენა 27 მაისიდან ოქტომბრამდე იგეგმება. მოხარულნი ვართ, რომ კარავაჯოს ამ ახალ, აქამდე „მიმალულ“ ნამუშევარს საზოგადოებისა და კრიტიკოსების წინაშე წარვადგენთ. მე-19 საუკუნიდან, ნამუშევარი მადრიდში მყოფი ოჯახის ხელში იყო, რომელმაც ახლახან მიჰყიდა კერძო პირს. მისი ვინაობა არ სახელდება. კერძო პირს ნახატის გამოფენა პრადოს მუზეუმში სურდა“, - თქვა პრადოს მუზეუმის დირექტორმა მიგელ ფალომირმა.
ტილოზე შესრულებული ნახატი ასახავს ბიბლიურ სიუჟეტს, როდესაც იესო ქრისტე ჯვარცმამდე ბრბოს წარუდგინეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ნახატი კერძო პირის საკუთრებაა, მთავრობის ნებართვის გარეშე, მას ნახატის ესპანეთიდან გატანის უფლება არ აქვს.
0
0