
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის ფრანგული წარმოების ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ აუცილებელია, რუსულ აგრესიას ბოლო მიმდინარე წელს მოეღოს.
"დღეს არსებობს ახალი და მძლავრი შედეგები ჩვენი დიპლომატიური მარათონიდან. საფრანგეთი უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას ახალ დონეზე აიყვანს. მე მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მაკრონს ამ ლიდერობისთვის. ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ ჯავშანტექნიკას, კერძოდ, ფრანგული წარმოების ტანკებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები არის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდეს.
„ახალ „რამშტაინამდე“ ასეთი სიგნალი ძალიან აქტუალურია. აუცილებელია, რუსულ აგრესიას წერტილი წელს დაესვას და არ გადაიდოს თავდაცვის არცერთი შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია, დააჩქაროს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. თანამედროვე დასავლური ჯავშანტექნიკა, დასავლური სტილის ტანკები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი ასეთი შესაძლებლობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
გუშინ, საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი უკრაინას მსუბუქ ტანკებსა და „ბასტიონის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს გადასცემს.
0
0