
უინძორის სასახლემ გასულ ღამეს ათწლეულების მანძილზე ყველაზე გრანდიოზულ წვეულებას უმასპინძლა. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ბრიტანეთში მეორე სახელმწიფო ვიზიტის პირველი დღის ბოლოს, სამეფო ბანკეტით გაუმასპინძლდნენ.
სანამ პრეზიდენტი და მეფე საუბრობდნენ და დიდებული სუფრის ცენტრში ისხდნენ, მზერა ძირითადად სამ მთავარ ქალბატონზე იყო მიპყრობილი.
უელსის პრინცესა ბრიტანელი დიზაინერის, ფილიპა ლეპლის მიერ შექმნილი, ოქროსფერი მაქმანითა და ხელით ნაქარგი გრძელი კაბით ბრწყინავდა. მას ამშვენებდა გარდაცვლილი დედოფლის საყურეები და მისი საყვარელი Lover's Knot-ის ტიარა.
დედოფალ კამილას სამოსი მთლიანად საფირონისფერში იყო გადაწყვეტილი - ტიარადან დაწყებული, ფიონა კლერის ნაქარგი კაბის ფერით დამთავრებული.
ამავდროულად, პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, მხრებზე მოშიშვლებული ყვითელი კაბითა და მეწამული ფერის კონტრასტული ქამრით საღამოს თანამედროვე ელფერი შესძინა.
მეფის გამოსვლა და ამერიკასთან "განსაკუთრებული კავშირი"
როდესაც მეფე სიტყვის წარმოსათქმელად წამოდგა, მან ბრიტანეთისა და აშშ-ის „საოცარი კავშირის“ სადღეგრძელო შესვა. თავის სიტყვაში მონარქმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ „უპრეცედენტო პარტნიორობას“. 76 წლის ჩარლზმა ასევე ისაუბრა "ტირანიაზე, რომელიც კვლავ ემუქრება ევროპას“.
ტრამპი თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა მეფეს, რომელიც ამერიკელი ლიდერისკენ მიბრუნდა და თქვა: "ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა შევაჩეროთ აგრესია და დავიცვათ მშვიდობა".
ჩარლზის თქმით: "ეს უნიკალური და მნიშვნელოვანი მოვლენა ასახავს ჩვენს ორ დიდ ერს შორის არსებულ მტკიცე კავშირს. ამ ურთიერთობამ, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არსებული ღრმა მეგობრობით არის გამყარებული, და რომელსაც ჩვენ და ჩვენი წინამორბედებიც, კარგი მიზეზების გამო, "განსაკუთრებულს“ ვუწოდებდით, თაობების განმავლობაში უფრო უსაფრთხო და ძლიერი გაგვხადა“.
მეფე ჩარლზმა იხუმრა, რომ 1970-იან წლებში, როცა ის ახალგაზრდა პრინცი იყო, აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომელიც ძალიან დაინტერესებული იყო ბრიტანეთის სამეფო ოჯახით, ცდილობდა დაექორწინებინა ის (პრინცი ჩარლზი) საკუთარ ქალიშვილზე, ტრიშაზე.
ტრამპის სიტყვა და სამეფო ოჯახის ქება
"ეს მართლაც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატივია" - ასე დაიწყო სიტყვა ტრამპმა. დარბაზში სიცილი გამოიწვია მისმა ხუმრობამ, რომ იმედოვნებდა, ის ერთადერთი აშშ-ის პრეზიდენტი იქნებოდა, რომელსაც ბრიტანეთში ორი სახელმწიფო ვიზიტი ექნებოდა.
შემდეგ მან მეფე "საოცარი ვაჟის", პრინცი უილიამის გაზრდისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ ჩარლზმა ყველა სტუმრის სახელი იცოდა, მათ შორის "ისეთებისაც, რომლებსაც უცნაური სახელები აქვთ, როგორიცაა XYZ-Q3“.
მან განსაკუთრებით შეაქო მეფის საქმიანობა დაჭრილ ვეტერანებთან მიმართებაში, რაც, მისი თქმით, "არავის არ ჰგავდა".
"მინდოდა მეთქვა, რომ მისმა უდიდებულესობამ საოცარი ვაჟი აღზარდა - უელსის პრინცი. მართლაც საოცარია, თქვენ გაგიცანით და ვფიქრობ, რომ მომავალში წარმოუდგენელი წარმატება გექნებათ. მელანია და მე მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვესტუმრეთ პრინც უილიამს და ვნახეთ მისი სამეფო უმაღლესობა, პრინცესა კეტრინი, რომელიც ისეთი კაშკაშა, ჯანმრთელი და მშვენიერია“, - დაამატა ტრამპმა.
ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე კი დაამატა: "განსაკუთრებულიც კი ვერ აღწერს ამას, ჩვენ ორი ნოტი ვართ ერთ აკორდში... თითოეული ლამაზია, მაგრამ ერთად უნდა დაიკრას", - თქვა მან.
ბანკეტის დეტალები და სტუმრებია
აშშ-ის პრეზიდენტს და პირველ ლედის, მელანიას, შეუერთდა ტრამპის ქალიშვილი, ტიფანი ტრამპი და მისი ბიზნესმენი ქმარი, მაიკლ ბულოსი. ტიფანი მამას 2019 წლის პირველი სახელმწიფო ვიზიტის დროსაც ახლდა, რომელსაც მაშინ პრეზიდენტის ყველა შვილი ესწრებოდა.
სადილის წინ გამოქვეყნებულ ფოტოზე ტრამპი კმაყოფილი ჩანდა, როდესაც ის თავის მეუღლესთან, მელანიასთან, მეფე ჩარლზთან და დედოფალ კამილასთან ერთად პოზირებდა.
აშშ-ის დელეგაციაში ტექნოკრატებს შორის იყვნენ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი და Open AI-ის დირქტორი სემ ალტმანი, რომლებიც კონსერვატორების ლიდერის, კემი ბადენოჩის გვერდით ისხდნენ.
როგორც ჩანს, ტრამპის გუნდს მენიუსთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ ჰქონია - რაც თეთრი სახლის პრეს-პაკეტისთვის მოულოდნელი იყო - მენიუში შედიოდა: ჰემპშირის წყლის პანაკოტა, ორგანული ნორფოლკის ქათმის ბალოტინი და ვანილის ნაყინის ბომბე კენტის ჟოლოს შერბეთით.
მეფე ჩარლზმა და დედოფალმა კამილამ მანამდე პირადად დაათვალიერეს საბანკეტო მაგიდა წმინდა გიორგის დარბაზში. სამეფო წყვილმა ასევე დაათვალიერა სცენა, რომელიც მონარქიის ოფიციალურ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ კადრებში იყო ნაჩვენები.
ვარდისფერი, იისფერი და ყვითელი ყვავილები ამშვენებდა ექსტრავაგანტურ ყვავილების კომპოზიციებს. მონარქმა და კამილამ ხელი ჩამოართვეს ოჯახის პერსონალს, რომლებიც ამ დიდებული ღონისძიების დეტალური დაგეგმვისა და განხორციელების უკან იდგნენ.
და იყო ასევე რამდენიმე საინტერესო დეტალი, როგორიცაა სუფრაზე 1945 წლის ღვინო და 1912 წლის კონიაკი.
მუსიკა მოიცავდა ჯეიმს ბონდის მელოდიების პოპურს, ელტონ ჯონის "Tiny Dancer"-სა და კლასიკურ მუსიკის შედევრებს, ასევე შოტლანდიურ ცეკვებს პრეზიდენტის ოჯახის წარმოშობის პატივსაცემად.
ბანკეტი, რომელიც დიდ დარბაზში იყო მოწყობილი, არანაკლებ სანახაობრივი იყო. პერსონალმა 42.32 მეტრი სიგრძის მაგიდის გაწყობა ერთი კვირის წინ დაიწყო. მასზე დამაგრებული იყო 139 სანთელი, 1,452 ცალი დანა-ჩანგალი, ყველა ხელით გაპრიალებული, რომელიც 160 სტუმრისთვის იყო საჭირო. დარბაზი რამდენიმე საათით ადრე ადგილობრივი მამულიდან მოკრეფილი სეზონური ყვავილების განსაცვიფრებელი კომპოზიციებით გააფორმეს.
პრეზიდენტის დღის სხვა ღონისძიებები
ტრამპი წმინდა გიორგის სამლოცველოს ესტუმრა, სადაც გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედ II-ის საფლავზე გვირგვინი მიიტანა.
ტრამპი მოწყენილი ჩანდა და ათი წუთი გაატარა საფლავთან. მან გარდაცვლილი დედოფლის განსასვენებელ ადგილზე ვიზიტს „დიდი პატივი“ უწოდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტი მეფეს შეუერთდა, რათა ერთად ენახათ Beating Retreat-ის მუსიკალური სანახაობა.
ტრადიციულ სანახაობაში 200-მდე სამხედრო მუსიკოსი მონაწილეობდა. მეფე ჩარლზი სცენაზე ტრამპის, დედოფლისა და პირველი ლედის, მელანიას გვერდით იჯდა, როდესაც შოუ დაიწყო.
1
0