
2025 წლის 15-19 სექტემბერს ვენაში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 69-ე გენერალური კონფერენცია იმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოს სახელით გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს სააგენტოს მისიასა და საქმიანობას ბირთვული ტექნოლოგიის უსაფრთხო, დაცული და მშვიდობიანი გამოყენების ხელშეწყობის მიმართულებით.
„მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში ბირთვული უსაფრთხოების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეგიონის სტაბილურობა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება ბირთვული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით, საერთაშორისო წვდომისა და მონიტორინგის არარსებობის პირობებში.
დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სააგენტოს მანდატისადმი საქართველოს ერთგულება და მზადყოფნა ყველა წევრ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისთვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0