
თეთრ სახლში დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს სთხოვა, უკრაინას მისცეს უფლება, „სტარლინკის“ სისტემა რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების დასაზიანებლად.
ამის შესახებ „ატლანტიკი“ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ეს იდეა, რომელიც აქამდე საჯაროდ ცნობილი არ იყო, აშშ-ს აძლევს საშუალებას, თავიდან აიცილოს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების მიწოდება, რომელთა მარაგიც, ირანის ომის გამო, მკვეთრად შემცირდა.
აქამდე, ილონ მასკი უკრაინას „სტარლინკის“ გამოყენების უფლებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, მათ შორის ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა რეგიონებში აძლევდა.
„ატლანტიკის“ ცნობით, ტრამპთან მოლაპარაკებაზე ზელენსკიმ ახსნა ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების დაზიანების საჭიროება, რომლებსაც რუსული ჯარები უკრაინის ქალაქებზე დარტყმებისთვის იყენებენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი ილონ მასკთან შეხვედრასაც ითხოვდა, რათა აღნიშნული გეგმა განეხილათ, თუმცა, მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მილიარდერმა მოწვევაზე უარი თქვა.
ამასთნ, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ უკრაინას სარაკეტო საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევა ზამთრის დადგომამდე სჭირდება.
თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ ამ თხოვნებს განიხილავს, თუმცა არ დაუზუსტებია, დათანხმდება თუ არა.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, მიიჩნევს თუ არა ტრამპი, რომ აღნიშნული კონფლიქტის დასრულებას დააჩქარებს.
0
0
4 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
31/07/2026