
ათასობით ერაყელი პალესტინელების მხარდასაჭერად ბაღდადის ქუჩებში გამოვიდა. ისინი „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს აპროტესტებენ.
„არა ოკუპაციას! არა ამერიკას!” - სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებიც თაჰრირის მოედანზე შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც ერაყის შიიტების ლიდერმა მუქთადა ალ-სადრმა მოქალაქეებს „ღაზას მხარდასაჭერად“ და ისრაელის საწინააღმდეგოდ დემონსტრაციის მოწყობისკენ მოუწოდა,“ - წერს Agence France-Presse-ი.
იმავდროულად, 13 ოქტომბერს, თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა პალესტინელების მხარდაჭერის ნიშნად, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სისხლიანი კონფლიქტის ფონზე.
თეირანში მსვლელობისას, დემონსტრანტებმა ირანის, პალესტინისა და ჰეზბოლას [ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება] დროშები აფრიალეს, ასევე ეჭირათ ბანერები წარწერით "ძირს ამერიკა", "ძირს ისრაელი".
მსგავსი აქციები გაიმართა ისლამური რესპუბლიკის სხვა ქალაქებშიც, სადაც დემონსტრანტებმა აშშ-ისა და ისრაელის დროშები დაწვეს.
0
0