
ასტრონომებმა ყველაზე მასშტაბური კოსმოსური აფეთქება დააფიქსირეს, რომელიც სამ წელზე მეტხანს გაგრძელდა. მათი ვარაუდით, აფეთქება, რომელიც ცნობილია როგორც AT2021lwx-ი, ორბიტიდან გაზის უზარმაზარი ღრუბლის (მზეზე რამდენიმე ათასჯერ დიდი) შავ ხვრელში გადასვლამ გამოიწვია.
ასტრონომების განცხადებით, მსგავსი მოვლენები იშვიათია, თუმცა ღრუბლის ამ მასშტაბის აფეთქება მანამდე არ მომხდარა.
”ჩვენ ზეახალი ვარსკვლავის [სუპერნოვას] ტიპს ვეძებდით და ჩვენი საძიებო ალგორითმით ღრუბლის ამ „ფრაგმენტს“ შემთხვევით წავაწყდით. ზოგადად, ზეახალი ვარსკვლავებისა და შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის მიქცევით დაშლის მოვლენების უმეტესობა მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება და შემდეგ ქრება. ორი და მეტი წლის განმავლობაში „რაღაცის“ სიკაშკაშე კი ძალიან უჩვეულო იყო“, - აღნიშნა საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა ფილიპ უაისმანმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.
უაისმანმა დასძინა, რომ ეს მოვლენები შეიძლება გზამკვლევი ძაფი იყოს იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება გალაქტიკის ცენტრები დროთა განმავლობაში.
კვლევის თანახმად, ფაქტობრივი აფეთქება დაახლოებით რვა მილიარდი სინათლის წლის წინ მოხდა, როდესაც სამყარო ექვსი მილიარდამდე წლის იყო. მეცნერები ტელესკოპების ქსელით ამ მოვლენას ჯერ კიდევ აკვირდებიან. კოსმოსური აფეთქების (სახელწოდებით AT2021lwx-ი) კვალი პირველად 2020 წელს, კალიფორნიაში Zwicky Transient Facility-ით (ოპტიკურ-ასტრონომიული ხელსაწყოთი) აღმოაჩინეს, შემდეგ კი - The Asteroid Terrestrial-impact Last Alert System-ით (ATLAS), რომელიც NASA-სა და ჰავაის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია. თუმცა აფეთქების მასშტაბები ამ დრომდე ცნობილი არ იყო.
0
0