20/04/2024
16:31
საზოგადოება
დღეს, 20 აპრილს, 254 წელი გავიდა, 1770 წლის 20 აპრილის ასპინძის ისტორიული ბრძოლიდან, რომელშიც ქართველთა ჯარმა ოსმალეთის ლაშქართან, მეფე ერეკლე მეორის სარდლობით, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ასპინძის ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 1200 საათზე დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ყვავილებით შეამკო ცენტრალური გზის მიმდებარედ არსებულ, ასპინძის ბრძოლის ამსახველ მონუმენტური ძეგლი. ჩატარდა დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
პარალალურად დაბის ცენტრში იმართება ადგილობრივ მეწარმეთა, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
13:00 საათზე ჩატარდება საზეიმო კონცერტი, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების და მოწვეულ ანსაბლ "ჩვენებურების" მონაწილეობით.
ასპინძის ბრძოლა
რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768 წელს დაიწყო. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ, ომში მონაწილეობაზე ერეკლე II-ც დათანხმდა. ერეკლე II რუსეთის ჯარის დახმარებით ოსმალების მიერ მიტაცებული სამხცე-საათაბაგოს დაბრუნებას, ლეკთა თარეშის აღკვეთას და ჭარ-ბელაქანის დამორჩილებას ვარაუდობდა. 1769 წლის აგვისტოში საქართველოში შემოვიდა რუსეთის მცირერიცხოვანი სამხედრო კორპუსი გენერალ ტოტლებენის მეთაურობით.
1770 წლის აპრილის შუა რიცხვებში ერეკლე II 7000 კაცითა და 3 ზარბაზნით, ხოლო ტოტლებენი 1200 ჯარისკაცითა და არტილერიით ბორჯომის ხეობით ახალციხისაკენ გაემართნენ. ქართველთა და რუსთა ჯარები აწყურის ციხეს მიადგნენ. მისი აღების შემდეგ მოკავშირეებს ახალციხისათვის უნდა შეეტიათ. მოულოდნელად გენერალმა ტოტლებენმა ბრძოლის ველი მიატოვა და, თავის ჯართან ერთად, უკან გაბრუნდა. მომხდარის მიუხედავად, ერეკლემ წინსვლა განაგრძო და 20 აპრილს ასპინძასთან გამართულ ბრძოლაში ოსმალთა 8000 კაციანი კორპუსი გაანადგურა. ერეკლე II ქართველთა ჯარს პირადად სარდლობდა. მან თავისი ხელით მოკლა ლეკთა სახელგანთქმული ბელადი მალა ჩალა (კოხტა ბელადი). ქართველთა ზარალი სულ რამდენიმე კაცს შეადგენდა, ოსმალების მხრიდან კი, რომელთაც დაღესტნელი ლეკებიც ეხმარებოდნენ, ცოცხალი თითქმის არავინ გადარჩენილა. ქართველებმა გამარჯვებით ვერ ისარგებლეს, რადგან ქართლში მისული ტოტლებენი მეფის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა, ამიტომ ერეკლე სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა, ტოტლებენი კი იმერეთში გადავიდა.
0
0