09/01/2025
13:56
მსოფლიო
როგორც Reuters-ი წერს, ასობით ვეტერანს და აშშ-ის ამჟამინდელ და ყოფილ ოფიციალურ პირს სურს, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ,,თალიბანისგან’’ დაუცველი ავღანელებისთვის აშშ-ის სპეციალური ჰუმანიტარული ვიზები და განსახლების პროგრამები გააგრძელოს.
წერილი, რომელსაც ხელს აწერენ ვეტერანები და ოფიციალური პირები, დონალდ ტრამპს და კონგრესის ლიდერებს გაეგზავნებათ. აღნიშნული მოთხოვნის ინიციატორია #AfghanEvac - იმ ჯგუფების წამყვანი კოალიცია, რომლებიც აშშ-ის მთავრობასთან მუშაობს, რათა დაეხმაროს ავღანელებს შეერთებულ შტატებში ახალი ცხოვრების დაწყებაში. წერილში ტრამპს და კონგრესის ლიდერებს რისკის ქვეშ მყოფი ავღანელებისა და მათი ოჯახებისთვის განსახლების დაფინანსებას და დამატებითი 50,000 სპეციალური საიმიგრაციო ვიზის დამტკიცებას სთხოვენ. 50,500 ვიზის ამჟამინდელი ლიმიტი ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში ამოიწურება.
„არსებობს რეალური შიში იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი მრჩეველი სტივენ მილერი კიდევ ერთხელ აღმართავს ბიუროკრატიულ ბარიერებს, რომლებიც შეანელებს ან სულაც შეაჩერებს სპეციალურ საიმიგრაციო ვიზას და ლტოლვილთა განსახლების პროგრამებს და კიდევ ერთხელ მარტო დატოვებს ჩვენს ავღანელ მოკავშირეებს. წერილს ელექტრონულად მოაწერა ხელი 380-ზე მეტმა ვეტერანმა, მათ შორის გარდაცვლილი სენატორის ჯონ მაკკეინის ვაჟმა, ჯეკ მაკკეინმა, ყოფილმა და ამჟამინდელმა ფედერალურმა, სახელმწიფო და ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა და ბევრმა რიგითმა ამერიკელმა. 10 იანვარს, წერილი ტრამპის გარდამავალ გუნდს გაეგზავნება და მომავალ კვირას რესპუბლიკური და დემოკრატიული კონგრესის ლიდერებს გადაეცემა,“ - განუცხადა Reuters-ს #AfghanEvac-ის ხელმძღვანელმა შონ ვანდივერმა.
ტრამპის გარდამავალმა გუნდმა Reuters-ის თხოვნას კომენტარის გაკეთებაზე არ უპასუხა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რისკის ქვეშ მყოფი 183,000-ზე მეტი ავღანელი და მათი ოჯახის წევრები შეერთებულ შტატებში მას შემდეგ დასახლდნენ, რაც თალიბებმა ქაბული დაიპყრეს - 2021 წლის აგვისტოში, ავღანეთის ტერიტორიიდან აშშ-ის ბოლო ჯარების გასვლისთანავე.
0
0